ბათუმში ხელოვნური კუნძულისთვის ჭოროხიდან ხრეშს დამატებით ამოიღებენ – ახალი განკარგულება

ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოწყობის მიზნით კომპანია „ამბასადორი აილენდს“ მთავრობამ ამჯერად ულიცენზიოდ 469 200 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება მისცა.
კომპანია ამ ოდენობის ქვიშა-ხრეშს ხელვაჩაურის სოფელ თხილნარის მიმდებარედ, ჭოროხის კალაპოტიდან ამოიღებს.
მთავრობის შესაბამის განკარგულებას პრემიერმა მ ხელი 2025 წლის 3 ივნისს მოაწერა, თუმცა, ის მთავრობის პორტალზე ხელმოწერიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ გამოაქვეყნეს.
ხელოვნური კუნძულის მშენებლობა ბათუმში / 25.06.2025
„სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობის მიზნით, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 12 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 469 200 მ3 სასარგებლო წიაღისეული [ქვიშა-ხრეში] ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, თხილნარის ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარე ტერიტორიაზე“ – აღნიშნულია განკარგულებაში.
ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში „ამბასადორმა“, ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტში 612 000 ლარი უნდა გადაიხადოს.
„ამბასადორი“ ამ ეტაპზე ხელოვნურ ნახევარკუნძულებს აშენებს, სადაც ცათამბჯენების მშენებლობის დაწყებასაც გეგმავს. ხელოვნურად მოწყობილ ნახევარკუნძულზე დამხმარე ნაგებობების მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. 25.06.2025
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ამბასადორს“ სხვადასხვა ადგილებიდან [მათ შორის ჭოროხის კალაპოტიდან] სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან ათავისუფლებენ.
ხელოვნურად მოწყობილი ნახევარკუნძული / 25.06.2025
ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა „ბათუმი ცენტრალის“ მიმდებარედ / 25.06.2025
„ამბასადორი“ ახალი განკარგულების მიხედვით 469 200 კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს ჭოროხის კალაპოტში სამ უბანზე ამოიღებს. ამ ტერიტორიების საერთო ფართობი კი ჯამში 23,5 ჰექტარია.
განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ამბასადორი“ ვალდებულია:
· უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსების ეროვნული სააგენტოს გეოსაინფორმაციო პაკეტით, ასევე „სოკარ ჯორჯია გაზის“, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ის შესაბამისი წერილებით განსაზღვრული პირობების შესრულება.
· ამასთან, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის.
ჭოროხის დელტა, ხედი სოფელ თხილნარიდან / 24.06.2025
აღსანიშნავია, რომ მდინარე ჭოროხიდან ზღვაში ნატანის შეტანის შემცირებამ სანაპირო ზოლის წარეცხვა გამოიწვია.
ზღვამ არაერთხელ დაანგრია და წარეცხა ბათუმის, აეროპორტის მიმდებარედ და ახალი ბულვარის გასწვრივ, სანაპირო. ამ პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ბათუმის სანაპიროზე პლაჟის შესანარჩუნებლად და ნაპირის დასაცავად ყოველწლიურად ზღვის ხელოვნური კვებაა აუცილებელი, რაშიც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება და უნდა დაიხარჯოს მომავალშიც.
ბათუმის სანაპიროს დასაცავად კი ხრეში სწორედ მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან შეაქვთ ზღვაში.
სპეციალისტების მიერ არაერთხელ ითქვა, რომ რეკომენდებულია მდინარის [განსაკუთრებით ჭოროხის დელტასა და მის მიმდებარედ არსებული] ნატანი მასალა [ქვიშა/ხრეში] აუცილებლად იქნას გამოყენებული მხოლოდ სანაპირო ზოლისა და პლაჟების შესანარჩუნებლად.
ზღვის ხელოვნურ კვებასთან ერთად სპეციალისტების აზრით შესამუშავებელია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიაც, რომლის გარეშე ბათუმის სანაპირო ზოლში კატასტროფა გარდაუვალია.
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ მთავრობის 6 მაისის განკარგულებით ულიცენზიოდ 1,5 მილიონ კუბურ მეტრ სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებს ასევე ქობულეთის სოფელ კვირიკეს მიმდებარე ტერიტორიაზეც.
წყარო: ‘ბათუმელები”

ასევე დაგაინტერესებთ