ბათუმში, ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობაში, სოციალურად დაუცველები და ეკომიგრანტები შეიჭრნენ | ისინი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვენ

ბათუმში, ყოფილი სამხედრო ნაწილის შენობაში, სოციალურად დაუცველები და ეკომიგრანტები შეიჭრნენ. 20-მდე ოჯახი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითხოვს. როგორც ისინი ამბობენ,
შენობის დატოვებას იქამდე არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება.
“შემოვედით ღამით, 2 საათი იყო. ღია მხარიდან შემოვედი, არაფერი არ გაგვიტეხია. ღია იყო, არავინ არ იდგა, არც დაცვა და არც არავინ. საცხოვრებელი სახლი არ გვაქვს, არ გვაქვს არსად წასასვლელი, ახალი წელი მოდის, ქირას ვერ ვიხდით, რადგან გაძვირდა, სოციალურად დაუცველები ვართ. ჩვენ არ გავალთ აქედან, ჩვენ პირობას მოგვცემენ, რომ სადმე გადაგვიყვანენ, მაგრამ მოგვატყუებენ, ბევრჯერ ვიყავით მისულები და უარით გამოგვისტუმრეს”, – ამბობს ერთ-ერთი მათგანი.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. იქ იმყოფება ს საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძეც, რომელიც ამ წუთებში ოჯახებთან მოლაპარაკებას ცდილობს.
ჯინჭარაძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველებისა და ეკომიგრანტების ეს ქმედება არაკანონიერია და “შესაბამის ზომებს” მიიღებენ. მისივე თქმით, შენობა მიტოვებული არ ყოფილა.
“კანონდარღვევაა და მგონი ამაში ყველა მეთანხმებით. შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. მე მინდა იცოდეს ყველა ოჯახმა, რომ არცერთი ოჯახი, რომელსაც ქალაქ ბათუმის მერიასა და აჭარის ავტონომიურ მთავრობას გააჩნია შესაბამისი პროგრამები, ამ პროგრამებით დაკმაყოფილდებიან. ეს შენობა არ არის მიტოვებული, ეს არის, თუ არ ვცდები, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე. დაცვად ჰყავდა ამ შენობას”, – ამბობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე.