ბათუმში ფესტივალის „ღამის სერენადები“ პრესკონფერენცია გაიმართა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალმა „ღამის სერენადები“ ბორჯომიდან ბათუმში გადაინაცვლა და ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრში პრესკონფერენცია გამართა. მას ესწრებოდნენ გიორგი ისაკაძე – „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ნინა ცაგარელი – ფესტივალის დირექტორი, სოფო ხალვაში – ს მერის მოადგილე, აკაკი ძნელაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონისტი, ელვინ ხოჯა განიევი – მევიოლინე, სანდრო ნებიერიძე – პიანისტი.
გიორგი ისაკაძე:
„წელს სიხარული დიდი სევდითაა გაზავებული – გამოვემშვიდობეთ დიდ მუსიკოსსა და პიროვნებას ქალბატონ ლიანა ისაკაძეს, ფესტივალს მივანიჭეთ მისი სახელი. წლევანდელი ფესტივალი ჟანრობრივად მრავალფეროვანია: ღამის სერენადები“ 21 აგვისტოს გაიხსნა ბორჯომში, ახლა კი ბათუმში გადმოინაცვლა.
23 აგვისტოს მსმენელის წინაშე წარსდგება თანამედროვეობისა და Tango Nuevos-ს ერთ-ერთი უდიდესი ბრწყინვალე ვირტუოზი მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). ისინი დამსწრე საზოგადოებისთვის შეასრულებენ მსოფლიო კინომუსიკის შედევრებს, აგრეთვე Tango Nuevos-ს ფუძემდებლის ასტორ პიაცოლას, ენიო მორიკონეს, ნინო როტასა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს.
25 აგვისტოს კი მსმენელისთვის დაუკრავს ახალგაზრდა ვარსკვლავი და ვირტუოზი მევიოლინე ელვინ ხოჯა განიევი (აზერბაიჯანი/თურქეთი) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). ვირტუოზი მევიოლინე, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ელვინ ხოჯა განიევი თემატურ საღამოს გამართავს და შეასრულებს ანტონიო ვივალდისა და ასტორ პიაცოლას „წელიწადის დროებს“.
თბილისში „ღამის სერენადები“ 4 კონცერტს გამართავს – 15, 17, 18 და 20 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
15 სექტემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში უკვე მეორედ, პუბლიკა მოუსმენს იტალიელ დირიჟორს, Orchestra Scarlatti Young-ის და „Milano Classica“-ს მთავარი დირიჟორს, ტოსკანას ორკესტრის მთავარ მოწვეულ დირიჟორს, ფონდ Taormina Arte-ს სამხატვრო ხელმძღვანელს, იტალიის კულტურის მინისტრის მრჩეველს მუსიკის დარგში – ბეატრიჩე ვენეცის. იგი ფესტივალის პარტნიორ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარადგენს იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს – ოტორინო რესპიგის თხზულებას 4 ნაწილად „რომის პინიებს“. ასევე ყველასთვის ცნობილ და წარმატებულ საერთაშორისო კარიერის მქონე პიანისტ და კომპიზიტორ სანდრო ნებიერიძესთან ერთად შეასრულებს სერგეი რახმანინოვის ერთ-ერთ უდიდეს ნაწარმოებს მესამე საფორტეპიანო კონცერტს.
17 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბრაზილიური მუსიკის საღამო გაიმართება. ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები და ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოსები: ლიზი რამიშვილი, მარიამ როინიშვილი და გიორგი ოიკაშვილი სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ბრაზილიელი კომპოზიტორის ნაწარმოებებს შეასრულებენ. სპეციალურად ამ საღამოსთვის, ფესტივალის დაკვეთით შეიქმნა მთელი რიგი ნაწარმოებების საავტორო არანჟირებები სიმებიანი ორკესტრისთვის, რომელიც გაამდიდრებს სიმებიანი ორკესტრისთვის არსებულ რეპერტუარს.
18 სექტემბერს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩეხური ეროვნული მუსიკის საღამო შედგება. მასში ქართველ მუსიკოსებთან ერთად, ჩეხი მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას. „ჩეხური მუსიკის წლის“ აღნიშვნას „ღამის სერენადებიც“ შეუერთდება. სახელგანთქმული პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი შავერზაშვილი შესანიშნავ ქართველ მევიოლინე გიორგი ხაინდრავასთან ერთად ბედრჟის სმეტანას, ანტონინ დვორჟაკისა და ლეო იანაჩეკის მუსიკას შეასრულებენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე მოწვეული სტუმრებიც.
20 სექტემბერს, ფესტივალის დასკვნით საღამოს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ბაროკოს მუსიკის ორი წამყვანი შემსრულებელი მევიოლინე ანდრეს გაბეტა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბლოკ-ფლეიტისტი მორის შტიგერი წარმოადგენენ სპეციალურად ფესტივალისთვის შედგენილ თემატურ პროგრამას „ვივალდი და მეგობრები“.
დიდი მადლობა საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერისა, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში, ბრაზილიის საელჩოს საქართველოში, ჩეხეთის საელჩოს საქართველოში. მასპინძელ სასტუმროს ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი. ფესტივალის პარტნიორებს: ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრსა და სასტუმრო ბორჯომი ლიკანს.
სოფო ხალვაში:
„განსაკუთრებული ფესტივალია „ღამის სერენადები“. ყოველთვის დღესასწაულია და დიდი პატივია ჩვენთვის ამ ფესტივალის მასპინძლობა. წელს მისი სულის ჩამდგმელი ქალბატონი ლიანა ისაკაძე დავკარგეთ. ეს უდიდესი დანაკლისია არა მარტო „ღამის სერენადებისთვის“, არამედ მთელი ქართული კულტურისთვის. ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრებისთვის ეს ფესტივალი ძალიან მნიშვნელოვანია. თავისი საოცარი სოლისტებითა და მრავალფეროვანი პროგრამით. მჯერა, ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც გამორჩეული კონცერტები იქნება და დაუვიწყარი საღამოები გველოდება.“
აკაკი ძნელაძე:
„წელსაც დიდი მუსიკალური ფოერვერკი გველის 23 და 25 აგვისტოს ბათუმის დრამატულ თეატრში. 16 წელია თანამედროვე ქართულ კულტურულ გეოგრაფიაში ეს ფესტივალია ერთ-ერთი საუკეთესო. მივესალმები იმას, რომ ამ ფესტივალის განუყოფელი ნაწილია ბათუმი. “ღამის სერენადებს“ უდიდესი ისტორია აქვს. ის მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო მან დროებით არსებობა შეწყვიტა და 2002 წელს, აღდგა „ხელოვნების ზეიმის“ სახელით ქალაქ ბორჯომში, ხოლო 2009 წლიდან დაუბრუნდა შავიზღვისპირეთს, გადაინაცვლა ულამაზეს ქალაქ ბათუმში ისევ „ღამის სერენადების“ სახელით. მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ მუსიკის ნამდვილ დღესასწაულს.“
„ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალია ჩემთვის „ღამის სერენადები“. პირველად არ ვუკრავ ბათუმში და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი საღამო განსაკუთრებული იქნება საქართველოს ვირტუოზებთან ერთად. დიდი სიამოვნებით ველოდები ყველას ჩვენს ერთობლივ კონცერტზე.“
„25 აგვისტოს კონცერტი ქალბატონი ლიანა ისაკაძის ხსოვნას ეძღვნება. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ქალბატონნი ლიანასა და ბატონი გიორგის მიწვევით ვიყავი საქართველოში. ის ემოციები დღემდე გამოყოლილი მაქვს. იმედი მაქვს, რომ მსმენელი კარგად მიმიღებს და ისიამოვნებს ჩემი და საქართველოს ვირტუოზების ერთობლისი საღამოთი.“
სანდრო ნებიერიძე:
„ფესტივალთან მრავალწლიანი თანამშრომლობა მაკავშირებს როგორც კომპოზიტორს ასევე როგორც პიანისტს. მსმენელის წინაშე წარვსდგები მსოფლიოში ცნობილ დირიჟორთან ბიატრიჩე ვენეცისთან ერთად თბილისში. სპეციალურად ჩამოვედი ბათუმში, რომ ამ დაუვიწყარი დღესასწაულის თანამონაწილე გავხდე.“