ბათუმში, 2025 წლის მეორე კვარტალში, უძრავი ქონების გაყიდვები გაიზარდა. ზრდა ფიქსირდება, როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე, წლიურად 13.1%-ით და 23.4%-ით.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში ბათუმში 4,018 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 9.5%-ით მეტია, აქედან:
მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, 23.4%-ით გაიზარდა.
პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 0.5%-ით შემცირდა.
“ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) შედეგებიც მეორადი ბაზრის მსგავსად ზრდას აჩვენებს. გამოკითხვის მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტალში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 13.1%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში პირველად ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა 37.4%-ით გაიზარდა”, – წერია Galt & Taggart-ის კვლევაში.
რაც შეეხება ფასებს, 2025 წლის ივნისში, პირველად ბაზარზე კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა კვარტლის ფასთან შედარებით 2.7%-ითაა გაზრდილი.
ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) საშუალო ფასი 2025 წელს ივნისში კვარტალურად 0.7%-ით, ხოლო წლიურად 11.5%-ით გაიზარდა და 1,307 აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის,Galt & Taggart-მა სისტემური დეველოპერების გამოკითხვა 2025 წლის ივლისში ჩაატარა, , რომელიც ბათუმში 20-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს მოიცავდა.
