“გამოდით” – ამ შეძახილებით ბათუმში მოქალაქეები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს არ დათმობენ.
“გამოდით და შემოგვიერთდით, ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენს წინაპრებს მონაპოვარს არ დავთმობთ. ხელისუფლებამ არჩევნები თავზე გადაგვახია, ახლა გამოგვიცხადა, რომ ევროპისკენ არ მიდიან. ჩაკეტეს ყველა გზა ამ რუსებმა”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ბათუმში აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად, ჭავჭავაძის, ბარათაშვილისა და წერეთლის ქუჩები გადაკეტეს.
მათი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება ქართველი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფაა. აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ.
“გამოდით, ჩვენ აქ ვართ, საქართველოს გაუნათლებელი პრეზიდენტი არ სჭირდება, საქართველოს რუსული მთავრობა არ სჭირდება. 12 წელია ბიძინა ივანიშვილი ანგრევს ქვეყანას, საქართველო მიჰყავს რუსეთისკენ”, – აცხადებენ ისინი.
აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა,რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.