ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა და საცურაო აუზი შენდება. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„კომპლექსში ოლიმპიური სტანდარტების 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის მოედანი და 800 მაყურებელზე გათვლილი 10 ზოლიანი, 2,1 მეტრი სიმაღლის საცურაო აუზი განთავსდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დღეს სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას ბათუმი ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურით შეხვდება.
ამ ეტაპზე საცურაო აუზის საძირკვლის მოწყობა მიმდინარეობს, პარალელურად, დასრულდა ყინულის მოედნის ტრიბუნები, მიმდინარეობს ყინულის მოედნის შენობაზე ფლიგელების მიშენება და უშუალოდ, ყინულის მოედნის მოწყობის სამუშაოები.
მშენებლობის მეორე ეტაპი 2024 წელს დაიწყო და 2026 წელს დასრულდება.
2025 წელს ყინულის მოედანი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს. საქართველოში ოლიმპიადის მასპინძელია თბილისი, ბაკურიანი და ბათუმი.
სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატები რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ადგილზე გაეცნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.