ბათუმში, პარკის კოლონადებისა და საზაფხულო თეატრის სარეაბილიტაციო პროექტისთვის 1 მლნ ლარი დაიხარჯება – ტენდერის დეტალები

ბათუმში, პარკის კოლონადებისა და საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია/სარეაბილიტაციო პროექტისთვის 1 მილიონი ლარი დაიხარჯება – ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს და წერს, რომ თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია, შესაბამისი ტენდერები კი სახელმწიფო შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა.
ცნობილია, რომ ცენტრალური პარკის შესასვლელში არსებული კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაციაზე ტენდერი 502 456 ლარითაა გამოცხადებული – ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 17 აგვისტოს დაიწყება და 22 აგვისტოს დასრულდება.
როგორც გამოცემა წერს, ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
ამ პროექტის მიხედვით:
· „კოლონადების სახურავს უტარდება დემონტაჟი [ფენილი, კარკასი] სრულ ფართობზე და ხორციელდება ჰიდრო და ორთქლიზოლაციის I ფენის მოწყობა ლინეკრომის მასალით.
· სახურავის კარკასისა და შეფიცვრისათვის გათვალისწინებულია ლარექსის ხე-მასალა. შეფიცვრაზე ეწყობა ჰიდრო და ორთქლიზოლაციო ფენა ლინეკრომით. სახურავის ფენილად ხანგრძლივი ექსპლუატაციის და ვიზუალის გათვალისწინებით გამოყენებულია 0,7 მმ სისქის რეიცინგის მასალა. ფენილი ეწყობა ნარიმანდის მეთოდით.
· კოლონადების შემადგენელი ელემენტების [ანტაბლემენტი, კაპიტელი, სვეტი ბაზით, მოაჯირი შემადგენელი ელემენტებით, სახურავქვეშა სივრცე] ზედაპირებიდან სპეციალური ხსნარებითა და მეთოდების გამოყენებით ავთენტურ საფუძვლამდე ცილდება სხვადასხვა პერიოდში დატანილი გადალესვები და საღებავის ფენები.
· აღნიშნული სამუშაოების შემდეგ ადგილზე უნდა დაზუსტდეს დაზიანებების სრული სურათი. ზოგადი გაანგარიშებით სარესტავრაციო ფართობი პროექტში ჩაინიშნა კოლონადების მთლიანი ფართობის 3%-ის ოდენობით.
· სარესტავრაციო სამუშაოები ითვალისწინებს – ბზარების დამუშავება-დაგმანვას, ამორტიზებული არქიტექტურულ-დეკორატიული ელემენტების დაშლას და ხელახალ მოწყობას, ელემენტების გამომსახველობით აღდგენას.“
· სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ კოლონადების ზედაპირი დაიფარება ბეტოკონაქტის ხსნარით. რის შემდეგაც ზედაპირები დამუშავდება საფასადო ფითხით და შეიღებება გარე დაფარვის ემულსიური თეთრი ფერის საღებავით [საღებავი და ფერი უნდა შეთანხმდეს მერიისა და პროექტის ავტორის მონაწილეობით].
· „დაგეგმილია მფრინავი ფადიკო გოგიტიძის ქანდაკების [პოსტამენტით] რესტავრაცია. პროექტი ასევე ითვალისწინებს არსებული პროჟექტორული სანათების გამოცვლას და ელსადენის გაყვანილების მოწესრიგებას.
· საპროექტო არეალში კოლონადების მოედან-ბაქნიდან სრულად აიყრება არსებული ბუნებრივი გრანიტის ფილები, საფუძვლითურთ, საფუძველი მოეწყობა საპროექტო ნიშნულების მიხედვით. ახალი ბუნებრივი გრანიტის ფილების სისქე 4 სმ-ია. ფილის ზომები, მახასიათებლები და ფერი ჩანიშნულია პროექტში და ის სამუშაოების დაწყებამდე თანხმდება „შემსყიდველს“ და პროექტის ავტორის მონაწილეობით.“ – აღნიშნულია პროექტში “ბათუმელების” ცნობით.
გამოცემის ცნობითვე, კოლონადების რეაბილიტაცია ტენდერის პირობის მიხედვით, გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს. კოლონადების სარეაბილიტაციო თანხა ს ბიუჯეტში დაახლოებით ერთი თვის წინ დაამატეს.
რაც შეეხება მეორე ტენდერს, რომელიც ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე საზაფხულო თეატრის შენობის რეაბილიტაცია და საინჟინრო სისტემებით აღჭურვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას ეხება, ის 500 ათასი ლარითაა გამოცხადებული. ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 28 აგვისტოს დაიწყება და 2 სექტემბერს დასრულდება.
„ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე საზაფხულო თეატრის შენობის სამშენებლო ნაწილი საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას, რაშიც იგულისხმება- შენობის სახურავის, შენობის შიგა და გარე სივრცეების რეაბილიტაცია.
დავალების ფარგლებში უნდა დამუშავდეს სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს არქიტექტურულ, კონსტრუქციულ [საჭიროების მიხედვით], შიგა და გარე საკომუნიკაციო ნაწილებს, არსებულ ქსელებზე დაერთებას, ტექნოლოგიურ ნაწილს.“ – აღნიშნულია ტენდერის ტექნიკურ დავალებაში.
“ბათუმელები” წერს, რომ ტექნიკურ დავალებაში ცალკეა გამოყოფილი დამატებითი მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც „საინჟინრო სისტემების მონტაჟისას წარმოიქმნება აუცილებლობა ისეთ მხატვრულ-დეკორატიულ ელემენტებთან შემხებლობისას, რომელიც დაარღვევს არსებული შენობის ესთეტიკურ ღირებულებას. ასეთ შემთხვევაში არსებული შენობის პროექტის არქიტექტორთან აუცილებელია სამუშაო კონტაქტები პროექტირების პროცესში, კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად და საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად.“
მათივე ინფორმაციით, საზაფხულო თეატრის რეაბილიტაციისა და საინჟინრო სისტემებით აღჭურვის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა 2024 წლის 11 დეკემბრამდე უნდა იყოს მზად. ამ დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ დაზუსტდება კონკრეტულად რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი თეატრის შენობაზე და რა თანხა იქნება საჭირო, რის შემდეგაც სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს ცალკე გამოაცხადებენ.