ბათუმში მორიგი აქცია გაიმართა „ბათუმელების“ დამფუძნებლის მხარდასაჭერად

18 იანვარს ბათუმში მორიგი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა გამოცემა „ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელისა და ამავე გამოცემის ოპერატორის, გურამ მურვანიძის მხარდასაჭერად, მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით.
მურვანიძეს, რომელიც აქციას აშუქებდა, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული, მზია ამაღლობელს კი 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით, რასაც უფლებადამცველები უკანონოდ მიიჩნევენ.
მორიგი აქცია 18 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გაიმართა – იქ, სადაც 11-12 იანვრის მიჯნაზე დააკავეს მზია ამაღლობელი და გურამ მურვანიძე. აქციები იმართება თბილისშიც.
დღევანდელი აქციის პარალელურად ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. დემონსტრაციაზე იმყოფებოდნენ „ბათუმელების“ თანამშრომლები, სხვა ჟურნალისტები და მედიაში დასაქმებული პირები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები.
დემონსტრანტებმა აქციაზე მიიტანეს პლაკატები და ბანერები, წარწერებით: „თავისუფლება მზიას“, „სისხლიანი დგებუაძე“ [საუბარია ს პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე, რომელმაც, მზია ამაღლობელის მიერ ადვოკატისთვის მიცემული ინფორმაციის თანახმად, მას სახეში შეაფურთხა], „სისხლი სილის წილ“?
17 იანვარს საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ (CPJ) განაცხადა, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ოპერატორი გურამ მურვანიძე უნდა გაათავისუფლონ; ასევე, გამოკვეულ იქნეს, ამაღლობელის პატიმრობა მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო შურისძიებას ხომ არ ემსახურება.
გურამ მურვანიძე – „ბათუმელების“ რეპორტიორი და ოპერატორი – ბათუმში ადმინისტრაციული წესით 11-12 იანვრის საღამოს დააკავეს და 14 იანვარს 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო.
„ბათუმელების“ ცნობით, დაკავებისას მურვანიძე კადრებს იღებდა, რა დროსაც მასთან მივიდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელსაც უთხრა, რომ „ბათუმელების“ ოპერატორი იყო და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, თუმცა ამის მიუხედავად, ის დგებუაძის მითითებით დააკავეს.
სწორედ დგებუაძის მითითებით დააკავეს მზია ამაღლობელიც, რომელსაც „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს „უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების“ მიღება შეუძლია, ვიდრე პატიმრობაა.
უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი – იურისტების შეფასებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის ბრალდება და წინასწარი პატიმრობა სამართლებრივ ლოგიკას არ ექვემდებარება; ხოლო ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ერთი ადამიანის შანტაჟის გამო, რომელმაც საკუთარი ქვეყანა არ გაწირა, ერთი შვეიცარიული ბანკი გაანადგურეს, ხოლო მას შემდეგ, რაც Deep State-ზე ისაუბრა, მისი დასჯა და შანტაჟი მეორე ბანკის რეპუტაციული განადგურების ხარჯზე გადაწყვიტეს

გერმანიის საელჩო – იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში