ბათუმის საქალაქო სასასამართლოში პროტესტის ფონზე იწყება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. სხდომა 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა დარბაზში შესვლის შესაძლებლობა მოქალაქეებს დაახლოებით 14:40 საათისთვის მიეცათ.
დღეს იმართება წინასასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გამოაცხადოს, შეცვლის თუ არა აღკვეთის ღონისძიებას, დაუშვებს თუ არა მტკიცებულებებს და განიხილავს თუ არა საქმეს არსებითად.
სასამართლოს შენობაში და მის გარეთ შეიკრიბნენ მზია ამაღლობელის კოლეგები, ჟურნალისტები, მისი მხარდამჭერები, უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და საელჩოების წარმომადგენლები.
სასამართლოში იმყოფება საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი.
სხდომაზე დასასწრებად რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს თავად მზია ამაღლობელი.
„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, – სკანდირებენ ამაღლობელის მხარდამჭერები სასამართლოში.
„თავისუფლება მზიას“, – სკანდირებენ ისინი.
„მზია არის მძევალი და ის უნდა გამოვიხსნათ ამ მძევლობიდან. ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს სახლში“, – განაცხადა ამაღლობელის კოლეგამ, „მთის ამბების“ დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმა.
„მზია ამაღლობელის პატიმრობა უნდა შეწყდეს. არცერთი იურისტი, არცერთი მიუკერძოებელი იურისტი არ ადასტურებს, რომ მის საქმეში არის სისხლისსამართლებრივი კომპონენტი“, – უთხრა რადიო თავისუფლებას მალხაზ ჭკადუამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელმა.
„საკუთარი მოვალეობის შესრულებისთვის ღირსეული და პროფესიონალი ქალი ივანიშვილის რეჟიმმა გამოამწყვდია ციხეში“, – თქვა გიორგი კირთაძემ, პარტიის „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა.
ვინ არის მოსამართლე
39 წლის მოსამართლე ვიქტორ მეტრეველი, რომელიც დღეს ამაღლობელის საქმეს განიხილავს, დაახლოებით 2,5 თვეა, მოსამართლეა.
ის 2024 წლის დეკემბრიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე.
კერძოდ, მან 2024 წლის 26 დეკემბერს დადო მოსამართლის ფიცი. მოსამართლის გამოცდა 2023 წელს ჩააბარა.
მანამდე, 2023 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი კონსულტანტი – მოსამართლის თანაშემწე – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2022-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოში მთავარი კონსულტანტი – მოსამართლის მწერალი თანაშემწე.
2014-2022 წლებში კი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოში მოსამართლის თანაშემწე (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი).
სანქციები საქმის ფიგურანტებს
3 მარტსვე ლიეტუვამ და ესტონეთმა სანქციები – სავიზო შეზღუდვები – დაუწესეს მზია ამაღლობელის საქმის ფიგურანტებს – მოსამართლეებს, პროკურორებსა და პოლიციელებს.
ლიეტუვის საგარეო უწყება წერს, რომ სანქცირებულებს შორის არიან „პოლიციელები, რომელთაც ცრუ ჩვენებები მისცეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და წვლილი შეიტანეს მის უკანონო პატიმრობაში“.
ესტონეთის საგარეო უწყების გავრცელებულ სიაში კი ჩამოთვლილია ამაღლობელის საქმის ფიგურანტების სახელები:
· მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები – ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეშვილი;
· ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელზე „თავდასხმასაც“ ედავებიან ამაღლობელს სილის გაწვნის გამო – ირაკლი დგებუაძე, რომელიც „დაზარალებულად“ არის ცნობილი;
· აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია და მისი მოადგილე დავით ათაბეგაშვილი, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილე გოჩა ვანაძე;
· მოსამართლეები – ნინო სახელაშვილი და ვერა დოლიძე.
ამაღლობელის სასამართლოს წინა საღამოს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ხვალ ერთ თვეზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება. აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლება“, – განაცხადა გერმანიის საგარეო უწყებამ.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ცნობით, ოთხი პოლიციელი – ვახტანგ ბოლქვაძე, დავით ანთაძე, არჩილ ანთაძე და ცოტნე ქართველიშვილი – სიტყვა-სიტყვით ერთნაირად აღწერენ, როგორ გააწნა სილა მზია ამაღლობელმა პოლიციის უფროსს და როგორ გაუწითლდა ლოყა და ყური ირაკლი დგებუაძეს.
გამოცემების თანახმადვე, გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იდენტურია:
· მათი თხრობის ქრონოლოგია;
· ლექსიკა;
· წინადადებების ფორმულირებები;
· სიტყვები, რომლითაც მომხდარს აღწერენ;
· დეტალები, რომლებზეც გაამახვილეს ყურადღება.
მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციამ 11 იანვარს, გვიან საღამოს, ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავა სტიკერის გაკვრის გამო, შემდეგ კი 12 იანვარს ხელახლა დააკავა, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
ჟურნალისტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება, – როდესაც არაერთი შემთხვევა არსებობს საქართველოს სასამართლოების პრაქტიკიდანვე, სადაც პოლიციელებისადმი უფრო უხეში მოპყრობა არ ჩათვლილა „პოლიციელზე თავდასხმად“, ან არ გამოიყენა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად.
მზია ამაღლობელს სინდისის პატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ევროკავშირი, ათობით საერთაშორისო ორგანიზაცია და არაერთი ქვეყნის მთავრობა.
მზია ამაღლობელმა დაკავების მომენტიდან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 24-ე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის რუსთავის მე-5, ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან „ვივამედში“ გადაიყვანეს.
მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში 38-დღიანი შიმშილობის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, 27 თებერვალს დააბრუნეს.
ფორუმი
