ბათუმში კაფე-ბარის თანამშრომლებმა ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუმრებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა – 267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს – ინფორმაციას 2 პირის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე.
დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი
გამოძალვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ამავე კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა -267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს” – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დიდი ოდენობით, ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.