ბათუმში გამართულ ღონისძიებისთვის, რომელსაც კობახიძე დაესწრო, 209 ათასი ლარი დაიხარჯა

ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობა აცხადებს, რომ ბათუმში “ოცნების ქალაქის” მშენებლობის მეორე ეტაპს იწყებენ.
მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიება” კი 8 თებერვალს გამართეს, რომელსაც ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ირაკლი და აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო.

ბათუმელების ცნობით, ამ ღონისძიებაში აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დახარჯეს. გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ “კაფსულის ჩაგდების ღონისძიება” აჭარაში დაგეგმილი არ ჰქონდათ, ამიტომ ღონისძიების გასამართად შესაბამისი მომსახურება ტენდერის გარეშე 209 ათას 165 ლარად შეისყიდეს.
შემსყიდველი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა.
“აღნიშნული ღონისძიების განხორციელება სამინისტროს მიერ არ იგეგმებოდა, ამიტომ ტენდერის გამოცხადება და გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმება 2025 წლის 8 თებერვლამდე ვერ მოესწრება” – წერს აჭარის სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს 5 თებერვალს.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, ღონისძიების ჩატარება აჭარის მთავრობამ სამინისტროს 5 თებერვალს დაავალა:
აჭარის სამინისტროში იმავე დღეს დათვალეს, რომ ამ დაუგეგმავი ღონისძიების ჩატარებას 209 ათას 165 ლარი და 7 თეთრი დასჭირდებოდა:
ბათუმელების ცნობით, შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით სამინისტრო ხელშეკრულებას შპს „არტ ბიუროსთან“ გააფორმებს და აღნიშნულ თანხასაც ამ კომპანიას გადაუხდის.
რა მომსახურებაში დაიხარჯება დეტალურად აღნიშნული თანხა, ეს „არტ ბიუროს“ ინვოისიდან ირკვევა:
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან შესყიდვების სააგენტოს ასევე 5 თებერვალს მიმართეს, სააგენტომ კი თანხმობა გამარტივებულ შესყიდვაზე სამინისტროს 7 თებერვალს მისცა.
აჭარის სამინისტროს „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე მეორე ეტაპის მშენებლობაზე ტენდერი 110 057 000 ლარით აქვს გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულად კომპანია „ანაგი“ გამოაცხადეს, რომელიც მომსახურებას სამინისტროს 109 616 000 ლარად სთავაზობს.
ტენდერის პირობის მიხედვით „სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 36 თვე“.
8 თებერვალს ბათუმში კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა კობახიძის და რიჟვაძის მონაწილეობით – მათ ყინულის არენა გახსნეს.
მთავრობის ინფორმაციით, „კომპლექსი ყინულის არენასთან ერთად საცურაო აუზსაც მოიცავს, რომელიც ფუნქციონირებას წლის ბოლომდე დაიწყებს. პროექტის ჯამური ღირებულება 53 943 280 ლარს შეადგენს.“
ამ კომპლექსსაც „ანაგი“ აშენებს, თუმცა, მთლიანობაში პროექტი აჭარის ბიუჯეტს მინიმუმ 94 546 537 ლარი მაინც დაუჯდება.
ბათუმელების ცნობით, 2024 წელს ყინულის არენისა და აუზის მშენებლობაზე ტენდერი ისევ გამოაცხადეს, გამარჯვებულად „ანაგი“ გამოაცხადეს და ხელშეკრულება 53 943 280 ლარზე გააფორმეს დღგ-ს გარეშე.