შსს-ს ცნობით, ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები ბათუმში 88 პოლიციელს გადაეცა. ბინები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისათვის განკუთვნილ ახალაშენებულ ორ მაღალსართულიან კორპუსში მდებარეობს.
პროექტში მონაწილე პოლიციელებს 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი ბინა ე.წ თეთრი კარკასის მდგომარეობით გადაეცათ.
ბინათმშენებლობის პროექტით შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის მსურველები შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია, შემდეგ კი კანდიდატებს შორის გამარჯვებულები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა.
უწყების მითითებით, აღნიშნული პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა და ამ დრომდე, საკუთრებაში შსს-ს 253 თანამშრომელს გადაეცა.