ბათუმში „ბენზეს ხიდის“ გაფართოებას აპირებენ, რომლის დასავიწროებლად 2 წლის წინ 2 მლნ-მდე დაიხარჯა

ბათუმის მერია ქალაქის შესასვლელში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ბენზეს ხიდის გაფართოებას აპირებს – ეს ის ხიდია, რომლის რეაბილიტაციაშიც 2020-22 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,8 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა, ბათუმელების თქმით, ამან საცობების პრობლემა არათუ ვერ მოაგვარა, არამედ გაამწვავა კიდეც, რადგან ხიდი რაბილიტაციის შემდეგ კიდევ უფრო დაავიწროვეს.
გამოცემა „ბათუმელები“ წერს, რომ ს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს თან ახლავს პროექტი, სადაც აღნიშნულია, რომ რეაბილიტაციამდე ხიდის სიფართე [ორივე სავალი ნაწილი ჯამში] იყო 10,40 მეტრი, რეაბილიტაციის შემდეგ დაავიწროვეს და გახადეს 8 მეტრი, ამჯერად კი, ორივე სავალი ნაწილი უნდა გააფართოონ და იქნება ჯამში 10 მეტრი.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შესყიდვაზე ქალაქის მერიის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 210 ათასი ლარია. ცნობილია, რომ ქალაქის ბიუჯეტში „მდ. ყოროლისწყლის ხიდის რეკონსტრუქცია“ რამდენიმე დღის წინ, 2024 წლის 9 აგვისტოს შეიტანეს.
გამოცემა ხიდის რეკონსტრუქციის პროექტიდან ციტირებს:
„რეაბილიტაციამდე არსებული ხიდის გაბარიტი შეადგენდა Г=10,40+2X1,25 მ-ს, ხოლო რეაბილიტაციის შემდგომ ხიდის გაბარიტი გახდა Г=8+2х2,0 მ.
უნდა აღინიშნოს, რომ ხიდის გაბარიტი რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით მოყვანილია ქვეყანაში მოქმედ საპროექტო ნორმებთან შესაბამისობაში, თუმცა არ მოხდა არსებული მისასვლელი გზების კონფიგურაციისა და სიგანის გათვალისწინება რომელთა სიგანეც ხიდის მისასვლელებთან შეადგენს 12-14 მეტრს, ხოლო ხიდის სავალი ნაწილის სრული სიგანე უსაფრთხოების ზოლების გათვალისწინებით შეადგენს 10 მეტრს.
გზის აღნიშნული უეცარი შევიწროება მძღოლებში იწვევს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს და ხიდთან მიახლოებისას სამოძრაო სიჩქარე მკვეთრად ეცემა, რაც თავის მხრივ იწვევს ქ. ბათუმში ისედაც გადატვირთული მოძრაობის კიდევ უფრო შენელებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა ხიდის სავალი ნაწილის გაზრდა თავდაპირველ სიგანეზე.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ხიდის სავალი ნაწილის გაზრდა 10 მეტრამდე, რის შემდეგაც ხიდის გაბარიტი გახდება Г=10+2х1,5 მ.“
ცნობილია, რომ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 31 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბერს დასრულდება.
პირობის მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 16 დეკემბრამდე. საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან.