“ბათუმს ეს ნამდვილად სჭირდებოდა” – ქალაქში საერთო სამუშაო სივრცე Ripple Space გაიხსნა

ბათუმში რამდენიმე თვეა Ripple Space გაიხსნა, რომელიც საერთო სამუშაო სივრცეს და ღონისძიებების გასამართ ადგილს აერთიანებს. Ripple Space-ის კონცეფციაზე დეტალურად „ქალების ნარატივში“ ინოვაციური სივრცის დამფუძნებელმა, ანა ავეჩბამ ისაუბრა. მისი თქმით, Ripple Space-ი ოჯახური ბიზნესია, რომლის შექმნისთვისაც საწყისი ინვესტიცია დაახლოებით 70-80 ათასი დოლარი იყო.
„Ripple Space ხელს უწყობს იდეების გაცვლას და ნიჭიერ პროფესიონალებს შორის თანამშრომლობას. ამ სივრცის უნიკალურობას ავსებს ბათუმში, ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად განვითარებად ქალაქში მდებარეობაც. ბათუმს ეს ნამდვილად სჭირდებოდა”, – აღნიშნა ანა ავეჩბამ და დასძინა, რომ Ripple Space-ით ძირითადად უცხოელები სარგებლობენ.
„საერთო სამუშაო სივრცეში ღონისძიებებს ხშირად სტარტაპებიც ატარებენ, ამიტომ ვცდილობთ მათ ხარჯები შევუმსუბუქოთ, რისთვისაც Ripple Space-ის სივრცით სარგებლობა პარასკევობით უფასო გავხადეთ”, – განაცხადა ანა ავეჩბამ.
Ripple Space-ის დღიური საფასური 30 ლარია, ხოლო მთლიანი თვის ფასი 570 ლარი.
ცნობისთვის, Ripple Space-მა ფუნქციონირება ქალაქ ბათუმში 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყო და უახლოეს მომავალში მისი გაფართოებაც იგეგმება. Ripple Space-ში ამ ეტაპზე 3 ადამიანია დასაქმებული.

ასევე დაგაინტერესებთ