„ბათუმი თანდათან ხდება ქალაქი, სადაც ცხოვრება, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც შეჩვეული იყო მშვიდ, წყნარ ქალაქს, სადაც თავისუფლად შეიძლებოდა მოძრაობა, ნელ-ნელა ჯოჯოხეთს დაემსგავსა“
„ბათუმი ხდება ქალაქი, სადაც ცხოვრება, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ნელ-ნელა ჯოჯოხეთს დაემსგავსა,“ – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ უძრავი ქონების სააგენტო G.Miller International Georgia-ს დირექტორმა ნიკოლოზ ურუშაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ბათუმი მაგალითია იმისა, რაც ქალაქის სწრაფ, არასწორ განვითარებას მოჰყვება.
„ბათუმი მაგალითია იმის, რომ სწრაფ განვითარებას, როდესაც ის ქაოტურად მიმდინარეობს, სერიოზული პრობლემები შეიძლება მოჰყვეს. ბათუმმა ძალიან „იხეირა” რუსეთ-უკრაინის ომით, იქ მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმიგრაცია და დაიწყო მოთხოვნის საოცრად გაზრდა, მოსახლეობა გაორმაგდა, რამაც გამოიწვია საოცარი სიმჭიდროვე.
ამას მოჰყვა არასწორი განვითარების ბევრი პრობლემა და ბათუმმა პრობლემის გადაჭრა კოეფიციენტის ზრდით გადაწყვიტა – ათზე მეტი კოეფიციენტი გაიცემოდა მიწებზე, რამაც სრული სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. ქუჩები სავსეა ნაგვით, როგორც კი წვიმა მოდის მთელი ეს ნაგავი ჩადის ზღვაში.
ბათუმი თანდათან ხდება ქალაქი, სადაც ცხოვრება, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელიც შეჩვეული იყო მშვიდ, წყნარ ქალაქს, სადაც თავისუფლად შეიძლებოდა მოძრაობა, ნელ-ნელა ჯოჯოხეთს დაემსგავსა.
ეს ქალაქი სხვადასხვა მიზეზით იზიდავს ტურისტს. ბევრი გაჩნდა ბათუმში დასახლების მსურველი, ყიდულობენ უძრავ ქონებას და მუდმივ საცხოვრებლად ირჩევენ მას, მაგრამ არის მიმართულებები, რომლებიც ტურიზმისთვის ძალიან საინტერესოა. ესენია: სათამაშო ბიზნესი, ძალიან გაზრდილი პროსტიტუცია, რომელიც ტურიზმის ერთ-ერთი მიმზიდველი სფეროა.
ვიცით რომ რუსეთიდან საკმაოდ დიდი არმია დაპორტირდა ამ მიზნით ბათუმში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე მოხდა უკრაინიდანაც.. ამ ბიზნესსაც მშვიდი ადგილი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ეს საქმიანობა ოფიციალურად ნებადართული არ არის, ის ყოველთვის იყო ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილი და ბათუმიც ხეირობს ამით.
ფაქტობრივად, ბათუმი გადაიქცა გართობის ქალაქად და იზიდავს ტურისტებს იმ ქვეყნებიდან, იგივე ირანიდან, არაბული ქვეყნებიდან, სადაც ეს ყველაფერი აკრძალულია,“ – განაცხადა ურუშაძემ.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
