ბათუმი ზაფხულის სეზონისთვის ინფრასტრუქტურულად ჯერ კიდევ მოუმზადებელია – ექსპერტი

ამ ეტაპზე, ზაფხულისთვის ინფრასტრუქტურულად მზად არ არის, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ტურიზმისა & უძრავის ქონების ექსპერტმა, თემურ დიასამიძემ ისაუბრა.
ექსპერტი ქალაქში არსებულ ვითარებას აღწერს და აცხადებს, რომ ქალაქის ტურისტულად აქტიური ობიექტები ამ დროისათვის დახურული, სანაპიროები მოსაწესრიგებელი, ხოლო ძველი ბათუმის ტერიტორაზე მთლიანად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და გზები დაკეტილია.
„ალბათ ივლისში მზად ვიქნებით, მაგრამ ახლა თუ ჩამოხვალთ ქალაქში, პლაჟი მოსაწესრიგებელია, ასევე ობიექტების უმრავლესობა სეზონისთვის მზად არ არის. უმრავლესობა დაკეტილია და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, ძველი ბათუმი, რომელიც დამსვენებლების მიზიდულობის ცენტრია, მთლიანად ხარაჩოებშია და გადაკეტილია“, – აღნიშნა დიასამიძემ.
რაც შეეხება აჭარის სხვა რეგიონებს, თემურ დიასამიძე ამბობს, რომ აჭარის მთიანეთში მოთხოვნიდან გამომდინარე, ზაფხული ნორმალურად ჩაივლის, ხოლო ქობულეთის შემთხვევაში, დატვირთვა ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოშია მოსალოდნელი. დანარჩენ პერიოდში კი ექსპერტის პროგნოზით, ქალაქი ცარიელი იქნება.
“იქიდან გამომდინარე, რომ მთიანეთში დიდი რაოდენობა ობიექტებისა, რომელიც უნდა დაიტვირთოს, იქ ასე თუ ისე ზაფხულში ნორმალური სეზონი იქნება. მოთხოვნა ძალიან დიდია და მომხმარებლებიც ჰყავთ. ქობულეთში კიდევ რაც 90-იან წლებში ხდებოდა, ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტო იქნება დატვირთული, დანარჩენი პერიოდი ცარიელი იქნება”,- თქვა მან.