ბათუმის ხელოვნურ ნახევარკუნძულზე „ამბასადორი“ 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს

კომპანია „ამბასადორი აილენდი“, რომელმაც ბათუმში ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს, გეგმავს, რომ 4-5 ცათამბჯენი უკვე მოწყობილ ნახევარკუნძულზე ააშენოს, დანარჩენ ტერიტორიას კი, რომელიც ხელოვნურად ამის შემდეგ უნდა მოაწყოს ზღვაში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცედურის დასრულების შემდეგ აითვისებს. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
ხელოვნურად შექმნილი მიწა ზღვაში [ერთ-ერთი ნახევარკუნძული], რომელსაც „ამბასადორი“ აშენებს
ბათუმში ხელოვნურ კუნძულსა და ორ ნახევარკუნძულზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] კონცეფციის შეთანხმებას „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ამ ეტაპზე სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსგან ითხოვს.
ამ განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის ანგარიში კი განსახილველად და სკოპინგის დასკვნის მისაღებად გარემოს ეროვნულ სააგენტოშია გადაგზავნილი.
„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ თვლის, რომ სკოპინგის დასკვნის მიღებამდე შესაძლებელია 4-5 შენობის მშენებლობა უკვე მოწყობილ [ხელოვნურად შექმნილ] ნახევარკუნძულზე, ხოლო დანარჩენი ფართობს აითვისებს სგშ-ს პროცედურის საფუძველზე, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის შემდგომ.
„ორ ნახევარკუნძულზე, ერთ კუნძულზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების განხორციელებამდე შესაძლოა განხორციელდეს არაუმეტეს 4-5 შენობა-ნაგებობის მშენებლობა, დანარჩენი ფართობის ათვისება განხორციელდება აღნიშნულ დოკუმენტზე სგშ-ს პროცედურის საფუძველზე, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის შემდგომ“, – აღნიშნულია დოკუმენტებში.
ამ დოკუმენტების მიხედვით, ეს 4-5 შენობა-ნაგებობა ჯამურად განთავსდება 8,4 ჰექტარზე, ხოლო 1.3 ჰექტარი გათვალისწინებულია საზოგადოებრივი დანიშნულების პარკის მოსაწყობად [ამჯერად სულ საუბარია 99 797 კვ.მ ფართობზე]:
სიტუაციური ნახაზი / ყვითელი ფერით მონიშნულია ტერიტორია [99 797 კვ.მ] სადაც „ამბასადორი“ 5 ცათამბჯენის მშენებლობის დაწყებას გეგმავს მანამდე, ვიდრე ხელოვნურ კუნძულს ააშენებს. ეს ტერიტორია უკვე ხელოვნურად მოწყობილ მიწაზეა / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან
„გთხოვთ სიტუაციური ნახაზის შესაბამისად წარმოდგენილ ტერიტორიაზე ჯამური ფართობით 99 797 კვ.მ. დაფიქსირდეს შესაძლებლობა დავიწყოთ სანებართვო პროცედურები განაშენიანების დეტალური გეგმის ამ ნაწილზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზის შესაბამისად მონიშნულ ტერიტორიაზე [ჯამური ფართობით 99 797 კვ.მ.] განაშენიანების დეტალურ გეგმაში შესაძლებლად დააფიქსიროთ 5 შენობა-ნაგებობაზე შესაბამისი სანებართვო პროცედურების წარმოება.
გარემოს ეროვნილი სააგენტოს მიერ გაცემული სკოპინგის შემდგომ დაგვიმტკიცოთ განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია, ხოლო განაშენიანების დეტალური გეგმა დაგვიმტკიცოთ პირობიანი ვალდებულებით. კერძოდ ის გავრცელდეს ხსენებული სექტორის მოცემულ არეალზე და დანარჩენ ნაწილზე გდგ ძალაში შევიდეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სგშ-ს დამტკიცების შემდეგ“, – წერს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს 2024 წლის 27 სექტემბრით დათარიღებულ წერილში.
ზოგადად, განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის ანგარიში ეხება მთლიანად როგორც ასაშენებელი ნახევარკუნძულებისა და კუნძულის ტერიტორიას, ასევე ორ მიწის ნაკვეთს ბარცხანა-ბენზეს სანაპირო ზოლში. ამ ნაკვეთებიდან ერთი ბათუმის მერიის საკუთრებაშია, ხოლო მეორე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.
1. ხელოვნური ნახევარკუნძულებისა და კუნძულის მოსაწყობად „ამბასადორზე“ გადაცემული 1 443 223 კვ/მ ტერიტორია ზღვაში [იასამნისფერი]; 2. აჭარის საკუთრებაში და „ამბასადორზე“ იჯარით გადაცემული 3 445 კვ/მ ტერიტორია [წითელი ფერით] და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული პლაჟის ზოლი – 27 046 კვ/მ [ყვითელი ფერით]
პროექტის მიხედვით, „ხელოვნურად შექმნილი ტერიტორიის [მიწის] ფართობი ჯამში იქნება 84 ჰა, ხოლო დანარჩენი გამოყენებული იქნება დამცავი მოლების და შიდა აკვატორიის მოსაწყობად. შეიქმნება 84 ჰა ფართობის, ქალაქის მჭიდროდ დასახლებული უბნებისაგან იზოლირებული, ახალი ტერიტორია.“
ვრცლად: batumelebi.ge