ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დაკავებული დეკანის და ოთხი სტუდენტის სოლიდარობის ნიშნად, ამავე სასწავლებლის შენობაზე სტუდენტებმა ბანერები გადმოფინეს. ისინი დეკანის და სტუდენტების გათავისუფლებას ითხოვენ.
მათ მიაჩნიათ, რომ დაკავებულები პოლიტიკური ნიშნით, საპატიმროში უკანონოდ იმყოფებიან.
“ძალა სტუდენტების ერთობაშია, თავისუფლება დეკანს და სტუდენტებს”, – წერია ბანერებზე.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ლექტორი და სტუდენტები ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავეს.