ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წიგნების – „აჭარა უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე“ და „ეთნოგრაფიული აჭარა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან ერთად დაესწრო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წიგნების – „აჭარა უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე“ და „ეთნოგრაფიული აჭარა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან ერთად დაესწრო.
წიგნები ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, 2023-2024 წლებში მომზადდა და გამოიცა. მათში წარმოდგენილია ჩვენი რეგიონის ვრცელი ისტორია უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე.
ორივე გამოცემის ავტორები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევარები არიან. წიგნები, ისტორიულ ნაწილთან ერთად, მოიცავს ინფორმაციას ჩვენი რეგიონის მატერიალური და არამატერიალური კულტურის შესახებ. ნაშრომებს თან ერთვის ვრცელი ინგლისურენოვანი რეზიუმე, ფოტომასალა და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი.
ავტორთა განცხადებით, აჭარის ისტორია, ერთ წიგნად, დღემდე არ არსებობდა. „აჭარა უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე“ და „ეთნოგრაფიული აჭარა“, სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორების მცდელობაა. ნაშრომი განკუთვნილია სამეცნიერო წრეების, ქართველოლოგიითა და აჭარით დაინტერესებული ადგილობრივი თუ უცხოელი სპეციალისტებისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, უნივერსიტეტის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
