ბათუმის „შერატონის“ მენეჯერი – ჩანაწერები წაშლილი არ არის და ყველა ვიდეო არსებობს – კადრები სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების ორივე შემთხვევას სრულად ასახავს

სასტუმროს შემოსასვლელში იყო სისხლი. ის ტერიტორიაა, სადაც სტუმრები მოძრაობენ. პოლიცია ცოტა დაგვიანებით მოვიდა, თუმცაღა სხვა, ნებისმიერი ნივთმტკიცება, რაც კი არსებობდა, ყველაფერი იქნა ამოღებული პოლიციის მიერ, – ასე უპასუხა ს „შერატონის“ მენეჯერმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ დასუფთავდა გიორგი გახარიაზე თავდასხმის შემდგომ სასტუმრო „შერატონის“ ტერიტორიის ის ადგილი, სადაც ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმა მოხდა.
სასტუმროს მენეჯერმა მედიასთან, ასევე, ისაუბრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან დაპირისპირების ფაქტზე, რომელიც ამავე სასტუმროში მოხდა. მენეჯერის განმარტებით, „ჩანაწერები წაშლილი არ არის და ყველა ჩანაწერი არსებობს“.
„ეს არის სასტუმრო, რომელიც შორს არის პოლიტიკისგან. ჩვენი მხრიდან მოხდა ყველაფერი სწორად. ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც მოვიდა და მოახდინა გამოძიება. არაფერი წაშლილი არ არის, ყველა ჩანაწერი არსებობს და რა თქმა უნდა, როგორც პოლიციას, ისე სხვა, ნებისმიერ უწყებას გადავცემთ სასამართლოს მოთხოვნით. (ორივე თავდასხმის ჩანაწერი სრულად შევინახეთ) რა თქმა უნდა, არაფერი არ არის წაშლილი“, – განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა.
მან კითხვის საპასუხოდ აღნიშნა ისიც, რომ ჩანაწერები პირადად აქვს ნანახი და ორივე თავდასხმის ფაქტი სრულად ასახულია.
„რა თქმა უნდა, სრულად არის. ჩანაწერები ამოღებული არ არის იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს ოფიციალური მომართვა ჯერჯერობით [არ ყოფილა]. ჩანაწერს ვინახავთ, თუ არ ვცდები, ერთი თვის განმავლობაში“, – აღნიშნა მან.
მან ასევე ისაუბრა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ კადრებზე. მისი თქმით, მან არ იცის, ვინ იღებდა კადრებს.
„ვიღაც იღებდა თვითონ ამ ინციდენტის მომენტში. ვერ გეტყვით, ვიღაც ქალბატონი იყო, რომელიც თავიდან ბოლომდე იღებდა ვიდეოს… ჩვენ არ გვაქვს [კადრების გასაჯაროების] უფლება, სამწუხაროდ. რომ არ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაცია, არ გადაზრდილიყო უფრო სერიოზულ აგრესიაში ჩვენი დაცვა მაქსიმალურად შეეცადა… განვაცალკევეთ, ჩვენ ხომ არ ვიცოდით, რა მოხდებოდა შემდგომ… ყველაფერი წამებში მოხდა.
რა თქმა უნდა, პოლიციას შევატყობინეთ. პოლიციას ჩვენ შევატყობინეთ, ეს უკვე გახარიას ინციდენტის შემდეგ იყო“, – განაცხადა მენეჯერმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ დარეკეს მანამდე მომხდარი თავდასხმის შესახებ პოლიციაში, როდესაც ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს დაესხნენ თავს, სასტუმროს წარმომადგენელი ასე პასუხობს:
„როგორც მე ვიცი, ეს იყო უბრალოდ სიტყვიერი შელაპარაკება. შემდგომში მოხდა პოლიციის გამოძახება. რა თქმა უნდა, არ ვარ დაინტერესებული [დანაშაულის მიჩქმალვით]“, – განაცხადა მენეჯერმა.
მას ასევე განმარტა, თუ რატომ დაასუფთავა მომსახურე პერსონალმა სასტუმრო, სადაც შემთხვევა მოხდა.
„უბრალოდ, სასტუმროს ტერიტორიაა. სასტუმროს შემოსასვლელში იყო სისხლი, ტერიტორიაა, სადაც სტუმრები მოძრაობენ. პოლიცია ცოტა დაგვიანებით მოვიდა, თუმცაღა სხვა, ნებისმიერი ნივთმტკიცება, რაც კი არსებობდა, ყველაფერი იქნა ამოღებული პოლიციის მიერ“, – აღნიშნა „შერატონის“ მენეჯერმა.
მისი თქმით, მცდარია ინფორმაცია, რომ სასტუმროს დაცვის უფროსი პოლიციის მანქანით წაიყვანეს.
„დაცვის უფროსი აქ იყო დილის 06:30 საათამდე. დამერწმუნეთ, რომ იყო აქ ნამდვილად. თვითონ არ გახლავთ ქართულენოვანი, ქართული იცის, მაგრამ არარის ქართველი, სამწუხაროდ და ინტერვიუს ვერ მოგცემდათ ისედაც. ახლაც აქ არის“, – განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა.
ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.
ფოტო: პუბლიკა