ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, მერაბ ხალვაშმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან „აჭარა თაიმსს“ თავად დაუდასტურა.
ხალვაში ამბობს, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო და უნივერსიტეტში მუშაობას აკადემიურ მიმართულებით გააგრძელებს.
მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილებამდე ის ერთთვიან შვებულებაში იმყოფებოდა, რომლის დასრულების შემდეგაც თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.
მერაბ ხალვაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტსაც იკავებდა. მოგვიანებით, მისი უნივერსიტეტში დარჩენის მიზნით, რექტორმა ტიტე აროშიძემ უნივერსიტეტის დებულებაში ცვლილება შეიტანა, რის შედეგადაც რექტორის მოადგილის მესამე შტატი შეიქმნა.
ირკვევა, რომ ამჟამად ერთთვიან შვებულებაში იმყოფება თავად უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძეც. მან მედიით გავრცელებული ეს ინფორმაცია “პირველებთან” სატელეფონო საუბრისას დაადასტურა.
პიროვნებისთვის შტატი არ იქმნება – საქმიდან გამომდინარე იქმნება შტატი. მე ჩავთვალე, რომ უნდა ყოფილიყო მესამე მოადგილე, რომელიც უხელმძღვანელებდა პროფესიულ – კარიერულ და სტრატეგიულ მიმართულებას. შეგიძლიათ თავად მას [ მერაბ ხალვაშს] ჰკითხოთ, რატომ დატოვა თანამდებობა. მე როგორც ვიცი სრული პროფესორია, შესაბამისად, ნახევარ განაკვეთზე იყო. ახლა შტატს გაიმთელებს და იქნება სრულ განაკვეთზე და ამასთანავე არის მუზეუმებში მეცნიერ-თანამშრომელი. სავარაუდოდ რთულია, სამი თანამდებობა ერთმანეთს შეუთავსო. ის სრული პროფესორია ჩვენს უნივერსიტეტში, არის მეცნიერ-თანამშრომელი მუხეუმის, აქიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ უფრო ნაყოფიერი უკეთესი იქნება…
კი, მე შვებულებაში ვარ. შეგიძლიათ, კანონი ნახოთ, სადაც განმარტებულია, რატომ იღებს ადამიანი შვებულებას – ესაჭიროება დასვენება”- აცხადებს ტიტე აროშიძე.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება მისი შვებულებაში გასვლა გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს, უნივერსიტეტის რექტორი ამბობს:
დათა თუთაშხიაში ხომ არის ნათქვამი, რომ “კაცი უნდა ეყოს ჟამაგირსო”, შესაბამისად, მე ჯამაგირი ჩვეულებრივად მყოფნის და საკმაოდ კმაყოფილი ვარ ფინანსური ანაზღაურებით. ჩვეულებრივი წესია, რომ [როცა იღებ შვებულებას, ანაზღაურება წინასწარ ირიცხება]. მე არანაირ ფინანსურ დანაკლისს არ განვიცდი. ხელფასი მყოფნის და ნორმალური ანაზღაურებაც მაქვს. ცხადია, სამსახურში დავბრუნდები”- დასძინა მან.




