ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე ოთხი მოწმე გამოიკითხა, მათ შორის საქმის გამომძიებლები

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე, პროკურატურამ საქმეში არსებული მოწმეები წარმოადგინა. მათ შორის მზია ამაღლობლის საქმის გამომძიებლები ლევან გოგმაჩაძე და გურამ დიასამიძე.
სასამართლოს სხდომაზე, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ინციდენტის ამსახველი ვიდეო მასალის წარდგენა და განხილვა მოხდა.
„პატაკი დამეწერა, რომ პოლიციელზე თავდასხმა მოხდა. სსკ 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით უნდა დამეწყო გამოძიება. პატაკის ავტორი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე იყო. მიტინგი მიმდინარეობდა, როდესაც ქალაქის სამმართველოს უფროსს ერთ-ერთმა ქალბატონმა ხელი ყურის არეში დაარტყა, რომლის შემდგომ დადგინდა მზია ამაღლობელის ვინაობა.
ეს მოხდა სამმართველოს კართან, რომლის გვერდით იდგა ბერდია ფერაძე, რომელმაც დაინახა, როგორ გაარტყა დგებუაძეს ხელი მზია ამაღლობელმა“, – განაცხადა ლევან გოგმაჩაძემ ჩვენების მიცემისას.
მზია ამაღლობელის საქმეზე საერთო ჯამში ოთხი მოწმე გამოიკითხა.
სხდომის პარალელურად სასამართლოს შენობასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეები იმყოფებიან, პერიოდულად ისმის შეძახილები: „თავისუფლება მზიას“, „ცრუ მოწმე პოლიციელი“.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო რუბიო “ქართული ოცნების” შესახებ კითხვაზე – საკუთარ თავს ვკითხავთ: “ჩვენი ინტერესია, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში ანტიამერიკული მთავრობა მმართველობდეს?” თუ არა, შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ, რათა ამ მთავრობას ფასის გადახდა მოუწიოს