ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გრძელდება – ამ დროისთვის დასკვნით სიტყვას ამაღლობელის კიდევ ერთი ადვოკატი წარმოთქვამს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი გრძელდება.
ამ დროისთვის დასკვნით სიტყვას, მზია ამაღლობელის კიდევ ერთი ადვოკატი ჯუბა ქათამაძე წარმოთქვამს. მანამდე კი, 7 საათზე მეტი დროის განმავლობაში, ადვოკატი მაია მწარიაშვილი საუბრობდა.
მოსამართლე ნინო სახელაშვილის განცხადებით, პროცესზე სიტყვა მიეცემათ სხვა ადვოკატებს და ასევე ბრალდებულ მზია ამაღლობელსაც.
„ქალბატონ მაიას 7 – საათიანი დრო მივეცი დასკვნითი სიტყვა, ასევე სხვა ადვოკატებსაც მივცემ დროს და თქვენც მოგცემთ. მე როგორც წინა სხდომაზე განვაცხადე, დღეს უნდა დავასრულო ადვოკატების დასკვნითი სიტყვა“, – განაცხადა ნინო სახელაშვილმა.
ცნობისთვის, გამოძიება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე(პრიმა) მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ს პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რასაც პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაცია მიეცა.