ბათუმის საქალაქო სასამართლოში, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მიმდინარე პროცესზე, ადვოკატებმა საქმის მოსამართლის სალიხ შაინიძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.
ადვოკატების განცხადებით, მოსამართლეს სალიხ შაინიძესა და მზია ამაღლობელს ნათესაური კავშირი აქვთ. მათი თქმით, არ სურთ, რომ აღნიშნული გარემოების გამო საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდეს.
„მოსამართლის აცილებას ვითხოვთ. მზია ამაღლობელის დეიდაშვილის სიძე ხართ [მოსამართლეს] და ეს არის ის გარემოება, რის გამოც აცილებას ვითხოვთ“,- განაცხადა დაცვის მხარემ.
მოსამართლესთან ნათესაური კავშირი სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩართვის დროს, თავად მზია ამაღლობელმაც დაადასტურა.
აღნიშნულზე ისაუბრა მოსამართლე სალიხ შაინიძემაც და განაცხადა, რომ აცილებასთან დაკავშირებით შუამდგომლობის საფუძველი არ არსებობს.
„დიახ, ნამდვილად არის ჩემი სიმამრის დეიდაშვილი, თუმცა შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ არსებობს საფუძველი. უარს ვაცხადებ აღნიშნულ შუამდგომლობაზე, მხარეებს შეუძლიათ გაასაჩივრონ“, – აღნიშნა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.
შუამდგომლობას, ასევე, არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.
„არ ვეთანხმები აცილების შუამდგომლობას, არ არის საკმარისი. მოცემულ შემთხვევაში გასაკვირია ეს შუამდგომლობა, უარს ვაცხადებთ აცილებაზე”, – აღნიშნა ბრალდების მხარემ.
