ბათუმში, პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე გაფფარ ილმაზი, იგივე თემურ ქათამაძე სამტრედიაში წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს.
მანამდე, იგი 11 იანვარს, ბათუმში გამართულ აქციაზე დააკავეს ადმინისტრაციული წესით, რის შემდეგაც ხუთი დღე სამტრედიის დაკავების იზოლატორში გაატარა.
თემურ ქათამაძის მეორედ დაკავების კადრები ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა აკაკი გვიანიძემ გაავრცელა ფეისბუქზე.
იგი მას იზოლატორთან ხვდებოდა, რა დროსაც პოლიციამ ხელმეორედ შეიყვანა განყოფილებაში.
აკაკი გვიანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თემურ ქათამაძე თურქეთის მოქალაქე, “ჩვენებურია”. მისივე თქმით, იგი მუჰაჯირების შთამომავალია, და, რომ სავარაუდოდ, “საემიგრაციო ამბების გამო” ხელმეორედ დააკავეს.
“ეს არის უკანონო დაკავება. არანაირი საფუძველი არ არსებობს ჩემი დაკავების და გაძევების. საქართველოს კანონმდებლობით მე ვერ გამაძევებენ იმიტომ, რომ საქართველოში ჩემს შესახებ მიმდინარეობს სასამართლო ჩემი მოქალაქეობის შესახებ. თუ ჩემი დეპორტირება მოხდება, ეს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მოხდება. სხვანაირად არა”, – თქვა დაკავებულმა იზოლატორში შესვლამდე.
რადიო თავისუფლება საქმეზე კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათი განცხადება მიღების შემთხვევაში აისახება მასალაში.