ბათუმის მერი 56-მილიონიან ობიექტს არ იბარებს

ახალი ბულვარიდან აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მოწყობილ ზღვისგან დამცავ ნაგებობას, რომლის მშენებლობაც 2022 წელს დასრულდა, ს მერი დღემდე არ იბარებს.
ნაგებობის მოწყობასა და მიმდებარე სანაპირო ზოლის აღდგენაში ქვეყნის ბიუჯეტიდან 56,9 მილიონი ლარი დაიხარჯა.
რატომ არ აწერს ხელს ბათუმის მერი მიღება-ჩაბარების აქტს? – ამ კითხვაზე „ბათუმელები“ ქალაქის მერიიდან პასუხს ჯერ ზეპირად, შემდეგ კი წერილობით ელოდებოდა, თუმცა 3 ივლისს გაგზავნილ წერილზე მერიას დღემდე არ გაუცია პასუხი.
„პასუხის მომზადებაზე შესაბამისი სამსახური მუშაობს“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში გუშინ, 19 ივლისს, არადა, კანონის თანახმად, პასუხი მაქსიმუმ 10 დღეში უნდა მიგვეღო. თუმცა მერიამ ამ შემთხვევაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ყველა მოთხოვნა დაარღვია.
მერიაში გაგზავნილი წერილით რამდენიმე საჯარო დოკუმენტის ასლსაც ვითხოვდით, რომლებიც „ბათუმელებმა“ სხვა წყაროებით მოიპოვა.
ბათუმის მერიის ერთ-ერთი კომპეტენტური პირის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქის მერიას შესაბამისი სპეციალისტები არ ჰყავს, რომ ამ ნაგებობას მოუაროს, ამასთან მიღება-ჩაბარებისთვის საჭირო პროცედურები არ არის დასრულებული.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით კი, ნაპირდამცავი ნაგებობის მიღება-ჩაბარებისთვის საჭირო ყველა პროცედურა დასრულებულია და 2022 წლის თებერვლის შემდეგ ფონდი ამ ნაგებობის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი არ არის. მოვლა-პატრონობაზე ამ დრომდე უარს ამბობს ბათუმის მერიაც. შესაბამისად, მესამე წელია, რაც ნაპირდამცავ ნაგებობას პატრონი არ ჰყავს.
„საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, ფონდის დაკვეთით, 2020 წლის თებერვლის თვეში [2022 წლის თებერვლის თვეში ასევე დასრულდა ე.წ. „დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი“] დასრულდა ბათუმის ნაპირ-დაცვისა და სანაპირო ზოლის ნაწილის მოწყობის სამუშაოები. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პერიოდის შემდეგ ფონდის უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას სცილდება ობიექტის ფლობასთან, სარგებლობასთან, ექსპლუატაციასთან, მოვლა-პატრონობასთან ან/და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები“, – მოგვწერეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2024 წლის 12 ივლისს.
რა აქტს არ აწერს ხელს ბათუმის მერი
დამცავი ნაგებობის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი ხელს 2022 წლის ივნისიდან დღემდე ხელს არ აწერს, „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიისგან წერილობით გამოითხოვა, თუმცა არ მოგვაწოდეს.
მიღება-ჩაბარების აქტის ის [შესწორებული] ვარიანტი, რაც „ბათუმელებს“ აქვს, 2022 წლის 7 დეკემბრით თარიღდება და გადაგზავნილია ბათუმის მერთან ხელმოსაწერად, თუმცა მას ხელს მხოლოდ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აწერს.
ამ აქტის მიხედვით, დამცავი ნაგებობის საბალანსო ღირებულება 56 960 486 ლარია და ფონდი ამ ობიექტს ბათუმის მუნიციპალიტეტს გადასცემს ბალანსიდან-ბალანსზე, უსასყიდლოდ, გრანტის სახით.
ნაპირდამცავი ნაგებობის მოვლა, პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ლოდებით აგებული ამ ბერმის გასწვრივ მუდმივად უნდა იყოს პლაჟი [მინიმუმ 20 მეტრი სიგანის], რომ შტორმის დროს ნაგებობა ნაკლებად დაზიანდეს.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, ანუ დამცავი ნაგებობის აშენებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, ზღვას ამ ნაგებობის დაშლა დაწყებული ჰქონდა.
ლოდების დაშლის პროცესი დროებით მას შემდეგ შეჩერდა, რაც აჭარის ბიუჯეტიდან ზღვის ხელოვნური კვების სამუშაოები დააფინანსეს და ხრეშის შეტანა დაიწყეს სანაპიროზე. ხრეშის შეტანა კი არა ამ ნაგებობის დაცვის, არამედ ახალი ბულვარის სანაპიროს ნგრევის შესაჩერებლად გადაწყდა. 2021 წელს შტორმმა ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპირო ზოლის ნგრევა დაიწყო.
ნაპირის ნგრევის პროცესი დროებით შეჩერდა, თუმცა ხრეშის შეტანით წარმოქმნილი ხელოვნური პლაჟის ვიწრო ზოლი, რომელიც ლოდების გასწვრივაა, ამ ნაგებობის ზღვისგან დაცვის გარანტი არ არის.
ბათუმში ზღვის ხელოვნური კვებისთვის წელს 1,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხა ამჯერადაც აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, თუმცა ეს ღონისძიება ძირითადად ახალი ბულვარის გასწვრივ არსებული სიტუაციის [პლაჟის] შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი.
ზღვის სანაპიროზე შესატანად 110 ათას კუბურ მეტრ ხრეშს ამჯერადაც მდინარე ჭოროხიდან ამოიღებენ. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერია გამოცხადებული, სადაც წინადადებების მიღება 2024 წლის 31 ივლისს დასრულდება.
დამცავი ნაგებობის უპატრონობაზე „ბათუმელები“ 2022 წელშიც წერდა, როცა შტორმმა ხელოვნური პლაჟი წარეცხა, რის შედეგადაც ლოდების ნაწილი ზღვაში აღმოჩნდა.
ნაგებობის ჩაბარებასთან დაკავშირებით მაშინ ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ „მიმდინარეობდა შესაბამისი პროცედურები“. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან კი მოგვწერეს, რომ „დამატებითი დეფექტები ვიზუალურად აღმოჩენილი არ იყო“, ნაგებობის მოვლა კი სცილდებოდა ფონდის საქმიანობას.
წყარო: ბათუმელები