ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ახლადდანიშნულმა სულხან თამაზაშვილმა გიორგი მურვანიძე წარადგინა. მურვანიძე ამ დრომდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სადაც ის 2007 წლიდან მუშაობს, უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, იყო კრიმინალისტური ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მურვანიძეს აქვს აჭარაში გამომძიებლად მუშაობის გამოცდილებაც.
· 2004-2005 წლებში ის ბათუმის რაიონული პროკურატურის გამომძიებელი იყო.
· 2005-2006 წლებში აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი.
სამხარაულის ექპერიზის ბიუროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული მისი ბიოგრაფიის თანახმად, პროფესიით სამართალმცოდნემ და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა მურვანიძემ, კარიერა 2003 წელს დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გაზეთში, რომელსაც ერქვა “სრულიად არასაიდუმლო.” ამ გამოცემაში ის იურიდიულ განყოფილებას ხელმძღვნელობდა.
გიორგი მურვანიძე ასისტენტ პროფესორის სტატუსით აკადემიურ საქმიანობას ეწევა ტექნიკურ უნივერსიტეტშიც.
“ჩემი კვლევის სფერო გახლავთ სახელმწიფოსა და სამართლის თეორია, სახელწიფოს და სამართლის ურთიერთდამოკიდებულება, მათი გავლენები პოლიტიკურ და საზოგოდოებრივ ცხოვრებაზე, სახელწიფოსა და სამართლის წარმოშობის საკითხები, მათი განვითარების ეტაპები. პოლიტიკური პარტიების როლი სახელმწიფოს განვითარებაში, სამართლის უზენაესობის საკითხები, სამართლებრივი სახელმწიფო და მისი გამოწვევები. დემოკრატიული და ავტოკრატიული სახელმწიფოების განვითარების თავისებურებები, სახელმწიფოს მექნიზმი და ფუნქციები” – ასე აღწერს ინტერესების სფეროს მურვანიძე უნივერსიტეტის საიტზე განთავსებულ მის გვერდზე. აქვე ვხვდებით ბოლო წლებში მის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციების სიას.
2018-2023 წლებში მურვანიძის გამოქვეყნებული ნაშრომების ჩამონათვალი, სადაც პუბლიკაციების გამოქვეყნების გამოცემები მითითებული არ არის, ასე გამოიყურება:
· „აშშ პოლიტიკური პარტიების თავისებურებანი“;
· „ვენის კონგრესის და მასში მონაწილე ქვეყნების გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე;“
· „პოლიტიკური პარტიების გავლენა პირველ მსოფლიო ომზე და ომის შედეგად შეცვლილი მსოფლიო პოლიტიკური გარემო;”
· „ცივი ომის გავლენა საერთაშორისო ურთიერთობებზე;“
· „ვერსალის საზავო ხელშეკრულება და შეცვლილი მსოფლიო გეოპოლიტიკური გარემო;
ბათუმის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც არჩეულმა მერმა ქართული ოცნებიდან, არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობა დატოვა – ჩიქოვანმა მერის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა ისე, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზები არ აუხსნია. 13 მაისს გამოქვეყნებულ პოსტში მან მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების დიდ ოჯახს” და აღნიშნა, რომ რჩება “ამ გუნდის ერთგულ წევრად.”
ჩიქოვანის გადადგომის შემდეგ, ბათუმელების ინფორმაციით, 13 მაისს თანამდებობა დატოვა ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძემაც, რომელიც მერიაში სოციალურ საკითხებს კურირებდა. ის აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს სამუშაოდ მინისტრის მოადგილის პოსტზე.
რჩებიან თუ არა პოსტზე მერის სხვა მოადგილეები, რომლებსაც თეორიულად მერის მოვალეობის შესრულება ასევე შეეძლოთ, ბათუმის მერიის პრესსამსახური ამ კითხვას მკაფიო პასუხს არ სცემს.
უფრო ადრე, ასევე ფეისბუკპოსტით თანამდებობა დატოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. “ბათუმელების” ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე არჩილ ჩიქოვანის მეჯვარეა.
არჩილ ჩიქოვანი 2021 წელს აირჩიეს ბათუმის მერად და მას უფლებამოსილების ვადა 2025 წლის ოქტომბერში ეწურებოდა. მერად არჩევამდე ჩიქოვანი 2020 წელს ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა და მერის მოვალეობას ასრულებდა, ლაშა კომახიძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, რომელმაც ასევე თვითმმართველობის არჩევნების წინ დატოვა მერის პოსტი.
