ბათუმის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის გაზრდას 70 თეთრამდე გეგმავს და ამისთვის საკრებულოს თანხმობას სთხოვს. ამ დროისთვის ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი 30 თეთრია.
გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად მერია საწვავის ფასის გაზრდას ასახელებს.
განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მგზავრობის ტარიფის ცვლილება გამოწვეულია ასევე M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსების ავტოპარკის განახლებით და მარშრუტებს შორის მანძილის გაზრდით.
„აღნიშნული გარემოებების გამო გაზრდილი ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მიზანშეწონილია დადგინდეს ახალი ტარიფი“ – განმარტავს მერია.
იმ მოქალაქეებისთვის კი რომლებიც ამ დრომდე უფასო პლასტიკური ბარათებით სარგებლობდნენ, მგზავრობა ისევ უფასო იქნება.
„დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფები შემდეგი ოდენობით:
ა) სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით 1 სტანდარტული მგზავრობა – 0,70 ლარი;
ბ) სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით ნულოვანი ტარიფით მგზავრობა – უფასო“ – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო ბარათით სარგებლობენ მოსწავლეები, მასწავლებლები, სტუდენტები, ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები, პენსიონერები, ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები.
ასევე, მგზავრობა უფასოა შშმ პირებისთვის, ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარებისთვის, ვეტერანებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის და 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარებისთვის.
განკარგულების პროექტის მიხედვით უფასო მგზავრობისთვის დანაკლისი „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მერიამ უნდა შეუვსოს.
„ბათუმის ტერიტორიაზე ავტობუსებით [M3 კატეგორია] მგზავრთა საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების საკითხი საკრებულომ მომავალი სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.
კიდევ ერთი პროექტის მიხედვით, მერია ცვლის ასევე სამარშრუტო ტაქსებისთვის დაწესებულ ტარიფებს და ფასს 50 თეთრიდან 70 თეთრამდე ზრდის, თუმცა ეს ცვლილება მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის, რადგან დიდი ხანია სამარშრუტო ტაქსის მგზავრობა ბათუმის მასშტაბით 70 თეთრი ღირს – მძღოლებმა ფასი თვითნებურად გაზარდეს ჯერ კიდევ 4 წლის წინ.
ბათუმის საკრებულოს სხდომა 28 იანვარს უნდა გაიმართოს.




