ბათუმის ავტოსადგურის ადგილას 2 ცათამბჯენს ააშენებენ

ბათუმის ავტოსადგურის ადგილას 2 ცათამბჯენს ააშენებენ, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ”ბათუმელები” ავრცელებს
გამოცემის ცნობით, ავტოსადგურის მფლობელმა სააქციო საზოგადოების მეწილეებმა კუთვნილი წილები გაასხვისეს. ამ ადგილზე მშენებლობას „გუმბათი ჰაბი“ გეგმავს. კომპანიის დირექტორი და მფლობელი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეა.
კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურების დასაწყებად ს მერიას უკვე მიმართა. ბათუმის ავტოსადგურს სააქციო საზოგადოება „ბათუმის ავტოსადგური“ ფლობს. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, სხვა მეწილეებითან ერთად კომპანიის 30,91 პროცენტს აჭარის მთავრობა ფლობს.
დოკუმენტის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, „ბათუმის ავტოსადგურის“ ერთ-ერთი მფლობელის – „ფერტუნა სტეიშენის“ წილები ყველა მფლობელმა გაყიდა. „ფერტუნამ“ თავისი 49 პროცენტი 1 მილიონ 500 ათას დოლარად გაასხვისა. იგივე თანხაზე შეუთანხმდა მყიდველებს პარლამენტარი ენუქიძეც, თავისი 26.4 პროცენტის დათმობის სანაცვლოდ.
კონცეფციიის მიხედვით, ცათამბჯენების მაქსიმალური სიმაღლე 136 მეტრი იქნება. პროექტი აერთიანებს ერთ 4-სართულიან და ორ 43-სართულიან შენობას, მათ შორის ორი მიწისქვეშა სართულით. კომპლექსი სასტუმროს ტიპის აპარტამენტების გარდა საზოგადოებრივი დანიშნულების ფართობებს, მიწისქვეშა ავტოსადგომებს გააერთიანებს.
ფოტო: ბათუმელები

ასევე დაგაინტერესებთ