„ბათუმის აეროპორტში ფრენების აღდგენა მთლიანად ავიაკომპანიების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“ – TAV Georgia

TAV Georgia-ს ინფორმაციით, ს საერთაშორისო აეროპორტი უამინდობის გამო შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს. TAV-ის წარმომადგენლის თქმით, ფრენების გადადების შესახებ გადაწყვეტილება ავიაკომპანიებმა თავად მიიღეს. რაც შეეხება აღდგენით სამუშაოებს, აეროპორტის მმართველ კომპანია TAV Georgia-ში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და როგორც კი ავიაკომპანიები ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებენ, აეროდრომის ტერიტორია მზად იქნება.
„გაწმენდითი სამუშაოები აეროდრომის ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს და არც ერთ ეტაპზე არ გაჩერებულა, რათა აეროდრომი ყოველთვის მზად იყოს ფრენების მისაღებად. ფრენების აღდგენა მთლიანად დამოკიდებულია ავიაკომპანიების გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ისინი იღებენ მეტეოროლოგიური პირობებისა და ხილვადობის გათვალისწინებით“,- აღნიშნა TAV Georgia-ს წარმომადგენელმა, სოფიო მაქაცარიამ.
რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ფოტოებს, რომელზედაც ბათუმის აეროპორტის დაზიანებული შესასვლელია ასახული, TAV Georgia-ში ამბობენ, რომ სამუშაოები გუშინვე დაიწყო და რამდენიმე საათში დასრულდება. კომპანია განმარტავს, რომ ეს არა აეროპორტის სახურავი, არამედ მოსაცდელი სივრცე იყო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„გუშინ, 24 თებერვალს, საღამოს საათებში ინტენსიური თოვის დროს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. არავინ დაშავებულა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეისები გადადებული იყო და ასეა ამ მომენტშიც. შესაბამისად, როცა მსუბუქი გადახურვა დაზიანდა აეროპორტის ტერმინალში არ იყვნენ მგზავრები და არც პერსონალის დიდი ნაწილი. ტავ ჯორჯია აქტიურ აღდგენით სამუშაოებს ატარებს”,- აღინიშნა TAV Georgia-ს წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ