საქაერონავიგაციამ ბათუმის აეროპორტთან მშენებლობების დასაშვები სიმაღლეების დასაზუსტებლად ტენდერი გამოაცხადა.
კერძოდ, შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ბათუმის აეროდრომის დაცვის არეში, არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) მოდიფიკაციის, მორგებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირების (OLS) შემუშავებისა და მაქსიმალური დასაშვები დაბრკოლებების სიმაღლეების განსაზღვრისათვის სააერნაოსნო კვლევაში სახელმწიფო კომპანია 523 367 ლარს გადაიხდის (დღგ-ის გარეშე).
საქაერონავიგაციაში აცხადებენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის დადგინდა დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირი (OLS). მიმდებარე მაღალი რელიეფისა და აეროპორტის უნიკალური საექსპლუატაციო მახასიათებლების გამო – კერძოდ, ზღვის მიმართულებით აფრენით და ზღვიდან დაშვებით ცალმხრივი ოპერაციების გამო – არსებული დაბრკოლებების შემზღუდველი ზედაპირი (OLS) მნიშვნელოვნად ზღუდავს ურბანულ განვითარებას, განსაკუთრებით შიდა ჰორიზონტალური და კონუსური ზედაპირებით შემოფარგლური არით. კვლევის მიზანია ICAO Annex 14-ში განსაზღვრული სტანდარტული დაბრკოლებებისაგან შემზღუდავი ზედაპირებს (Obstacle Limitation Surfaces – OLS) შემუშავება.
შერჩეულმა კომპანიამ საქაერონავიგაციას კვლევა 7 თვეში უნდა დაასრულოს.
“სააერნაოსნო კვლევა უნდა ჩატარდეს შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაციის ან სპეციალისტ(ებ)ის მიერ, რომელსაც გააჩნია მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება მსგავს სააერნაოსნო კვლევებში.
პრეტენდენტმა (კონსულტანტმა ან საკონსულტაციო კომპანიამ) უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უნდა გააჩნდეს დადასტურებული გამოცდილება ICAO-ს მოთხოვნებთან შესაბამისი სააერნაოსნო კვლევების ჩატარებაში, მათ შორის დაბრკოლებების შემზღუდავი ზედაპირების (OLS) და აეროდრომის უსაფრთხოების რუკების შემუშავება ან გადახედვაში. აღნიშნული გამოცდილების დასამტკიცებლად, პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილი კომპანიისგან, სადაც მსგავსი პროექტი განახორციელა;2. უნდა გააჩნდეს დადასტურებული გამოცდილება ფრენის პროცედურების დიზაინის ან საჰაერო სივრცის დიზაინის სფეროში. აღნიშნული გამოცდილების დასამტკიცებლად, უნდა წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილი კომპანიისგან, სადაც მსგავსი პროექტები განახორციელა;3. ICAO-ს დანართი 14-ის, დოკუმენტების 8168 (PANS-OPS) და 9774, ასევე ეროვნული სამოქალაქო ავიაციის რეგულაციების ცოდნა;4. წვდომა სერტიფიცირებულ პროცედურის დიზაინერებთან ან საავიაციო ინჟინრებთან, შესაბამისი ტექნიკური კვალიფიკაციით;5. გამოცდილება დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციაში — სამოქალაქო ავიაციის ორგანოებთან, სააერონაოსნო მომსახურების მომწოდებლებთან და ურბანული დაგეგმვის ორგანოებთან;6. აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფისა და ხელსაწყოების ქონა, რომლებიც საშუალებას იძლევა OLS-ის მოდელირებისა, რელიეფის შეფასებისა და GIS ან CAD-თან თავსებადი ფორმატით უსაფრთხოების რუკების შექმნისა”, – წერია შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 22 იანვრიდან დაიწყება და 27 იანვარს დასრულდება.
bm.ge




