ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად გამოსაცხადებელ ტენდერში დაინტერესებულ პირს თუ მონაწილეობის მიღება სურს, წინადადების წარდგენისთვის 10 000 ლარის გადახდა მოუწევს. შესაბამისი განკარგულება „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 12 აგვისტოს მიიღო.
ბათუმისთვის 18 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გამოაცხადოს. ავტობუსების შესაძენად კი, ქალაქის [2025-2027 წლების] ბიუჯეტებიდან, მერიის ახლანდელი გათვლებით, ჯამში 11 702 456 ლარი გამოიყოფა.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით, კონკურსის ან ტენდერის შემთხვევაში წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში – 5 000 ლარის ოდენობით. ამავე კანონით, საქართველოს მთავრობას შეუძლია კონსოლიდირებულ ტენდერში განსხვავებული საფასურიც დაადგინოს.
ამ შემთხვევაში საფასური 10 ათასი ლარის ოდენობით დაადგინეს.
„შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ განკუთვნილი M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების 2025 – 2027 წლების კონსოლიდირებულ ტენდერ(ებ)ში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის საფასური განისაზღვროს 10 000 ლარის ოდენობით“ – წერია მთავრობის განკარგულებაში.
ამასთან „იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, აღნიშნულიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში, იმავე შესყიდვის ობიექტზე განმეორებით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური განისაზღვროს 1 000 ლარის ოდენობით.“
ამავე განკარგულებით უნდა შეიქმნას სატენდერო კომისია, რომელშიც შევლენ: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე [სატენდერო კომისიის თავმჯდომარე], საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე [სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეები], ასევე იუსტიციის, ფინანსთა, თავდაცვის, ეკონომიკის, შინაგან საქმეთა, განათლების მინისტრების მოადგილეები და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე – როგორც სატენდერო კომისიის წევრები.
საბოლოოდ, როცა როცა სატენდერო კომისია კონსოლიდირებულ ტენდერს გამოაცხადებს და გამოავლენს გამარჯვებულს, „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ამ გამარჯვებულისგან შეისყიდის ავტობუსებს.
„ოცნების“ ხელისუფლება 2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას გეგმავს.
2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კი ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს და არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი კი არ აღიარებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. 261 დღეა საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში ახალი არჩევნების მოთხოვნით, უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ.
„ოცნების“ ხელისუფლებამ 4 ოქტომბერს არჩევნები უკვე ჩანიშნა. არჩევნების დღემდე დაახლოებით 2 თვით ადრე ბათუმის მერიამ ქალაქის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაზარდა, რაც საკრებულომ უპრობლემოდ დაამტკიცა.
სწორედ ამ ცვლილების დროს შეიტანეს ახალი ავტობუსების შესაძენად საჭირო 4 მილიონ 681 ათასი ლარი ქალაქის ბიუჯეტში [დანარჩენი თანხა შემდგომი წლების [2026-2027 წწ] ბიუჯეტებში უნდა გაიწეროს.
ფაქტია, ახალი ავტობუსების შეძენას 2025 წელს ქალაქის მერია არ გეგმავდა [არც შესაბამისი თანხა ჰქონდა], თუმცა, 4 ოქტომბრამდე ორი თვით ადრე თანხაც „გამონახეს“ და ბიუჯეტში ცვლილებაც „ჩაწერეს“, შესაბამისად, ახალი ავტობუსების შესყიდვის პროცედურებს, როგორც ჩანს, არჩევნებამდე დაიწყებენ.
