მეუღლის ცნობით, საქართველოდან თურქეთში გააძევეს „ბათუმელი მედროშის“ სახელით ცნობილი თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი), მუჰაჯირების შთამომავალი და პროევროპული აქციების მონაწილე, რომელიც ათ წელზე მეტია საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად იბრძვის.
ინფორმაცია საქართველოდან თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ მისმა ცოლმა, ნინო კაკულიამ გაავრცელა.
„ვერაგულად ღამე გაიყვანეს… ვერ დავემშვიდობე“, – დაწერა მან სოციალურ ქსელებში.
რადიო თავისუფლება შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას ელოდება.
აპრილის ბოლოს სააპელაციო სასამართლომ თემურ ქათამაძეს საბოლოო უარი უთხრა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
ქათამაძის ინტერესებს ბოლო პერიოდში იცავდა უფლებადამცველი ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (სსც).
სსც-ის დირექტორი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ გუშინ, ღამის 12 საათზე გადიოდა თემურ ქათამაძისთვის ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა და „ამიტომ არ არის ცხადი, ბოლო წუთებში რა მექანიზმით მოხდა მისი გადაყვანა“.
„ჩვენ მისი ინტერესების დაცვას საერთაშორისო მექანიზმების დროებითი ღონისძიებების გამოყენებით ვცდილობდით და ჯერ კიდევ კომუნიკაციაში ვიყავით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ამ საქმეზე, როცა გადაყვანა ასე სწრაფად მოხდა“, – აცხადებს თამთა მიქელაძე.
თემურ ქათამაძე 2025 წლის იანვარში ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას გამოძიება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდა.
56 წლის თემურ ქათამაძე გადაიყვანეს შსს-ის დროებითი განთავსების ცენტრში, სადაც შიმშილობა გამოაცხადა.
ფორუმი
