ბათუმელები/ნეტგაზეთმა შემოსავლებს საგადასახადო შეთანხმებისთვის მიმართა

ბათუმელები/ნეტგაზეთმა შემოსავლებს საგადასახადო შეთანხმებისთვის მიმართა – ინფორმაციას “ბათუმელები/ნეტგაზეთის” რედაქცია აქვეყნებს.
“შემოსავლების სამსახურის მიერ 22 ივლისს „ბათუმელების“ ანგარიშებზე ინკასოს დადების შესახებ გავრცელებული განცხადების თანახმად, „შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება, რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება“.
განცხადების გავრცელების ამ ეტაპზე, ანუ 22 ივლისს „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დავალიანება იყო 282 ათასი ლარი. მათ შორის ძირი თანხა იყო 47 ათასი ლარი, საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი.
„ბათუმელებმა“ მკითხველის დახმარებით ძირი თანხა – 47 ათასი ლარი უკვე გადაიხადა, ასევე დამატებით გადაიხადა სარეკლამო შემოსავლიდან მიღებული 12 ათასი ლარი. შესაბამისად, ამ ეტაპზე ძირი თანხის დავალიანება არის – 0 ლარი, ჯარიმა 95 ათასი ლარი და საურავი 126 ათასი ლარი.
საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, „ბათუმელები“ გამოთქვამს მზადყოფნას, 50 ათასი ლარი გადაიხადოს 30 დღის ვადაში.”, – ნათქვამია რედაქციის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „ბათუმელების“ ანგარიშებს 17 ივლისს ინკასო დაადეს. მედიაორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანის ეტაპზე მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციისთვის ინკასოს დადება მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად.
“შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე ამ დროისთვის არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი.
პირველ ივლისს „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ „ბათუმელებს“ ვალი აქვს, რომელიც 5 დღეში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებენ და დაიწყება აღსრულება. ანუ აღსრულების ეროვნული ბიურო „ბათუმელების“ ქონებას გაყიდის. საუბარია რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოფისზე.
„ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა თანხას მის დასაფარად.
ინკასოს მუქარის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად ჩვენთვის შემოეთავაზებინათ გრაფიკი. ამას საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს.
უარი გვითხრეს”, – აცხადებენ მედიაორგანიზაციაში.