ბათუმელები/ნეტგაზეთი ოპერატორ გურამ მურვანიძის დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

ბათუმელების ოპერატორის გურამ მურვანიძის უკანონო დაკავებისა და მისი ჟურნალისტური საქმიანობის აშკარა ხელშეშლის შესახებ ბათუმელები/ნეტგაზეთი განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს, მხარდამჭერებს, პარტნიორებს მიმართავს:
განცხადება სრულად:
“12 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, დააკავეს გურამ მურვანიძე. იგი გადაიყვანეს ს წინასწარი დაკავების იზოლატორში და ადვოკატთან შეხვედრის უფლება მხოლოდ 13 იანვარს, დაახლოებით დილის 6 საათზე მისცეს.
მისი ადვოკატის, მირზა მამულაძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.
გურამ მურვანიძის მონათხრობი მიუთითებს მის ჟურნალისტურ საქმიანობაში აშკარა, მიზანმიმართულ ჩარევაზე. მან ადვოკატს აცნობა, რომ დააკავეს მაშინ, როდესაც იღებდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაკავებას.
გურამმა ადვოკატს უთხრა, რომ როდესაც აქციაზე შეხლა-შემოხლა შენიშნა, მობილური ტელეფონით დაიწყო დაკავებების გადაღება. ამ მომენტში მან გაიგონა, როგორ იკითხა ს პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ: “ვინ იღებს?” გურამმა თავი “ბათუმელების” წარმომადგენლად წარადგინა. ადვოკატის თქმით, გურამის ინფორმაციით, ამას მოჰყვა ბათუმის პოლიციის უფროს დგებუაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და გამოცემის მიმართ გინება, რის შემდეგაც თანამშრომლებს გურამის ტელეფონის წართმევა უბრძანა.
აშკარაა, რომ პოლიციამ და ბათუმის პოლიციის უფროსმა კარგად იცოდნენ გურამ მურვანიძის ვინაობა, რომ ის “ბათუმელების” თანამშრომელი იყო. მიუხედავად ამისა, ბათუმის პოლიციის უფროსმა მოგვიანებით, “TV პირველთან” დაკავებულთა რაოდენობის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ოპერატორის ვინაობა არ იცოდა.
გურამის თქმით, პოლიციელებმა სცადეს მისი ტელეფონის წართმევა. მან რამდენიმეწამიანი წინააღმდეგობა გაწია სანამ მოწყობილობის დაბლოკვას ცდილობდა, მაგრამ ტელეფონი საბოლოოდ წაართვეს; დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამას ადასტურებს მისი დაკავების ვიდეოჩანაწერიც.
დაკავების შემდეგ, გურამის განცხადებით, მას სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, აგინებდნენ.
ადვოკატის შეფასებით, ეს ქმედებები წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას, ხელი შეუშალონ მის ჟურნალისტურ საქმიანობას და მიზანმიმართულ თავდასხმას გამოცემა “ბათუმელებზე”. გურამის მონათხრობი ხაზს უსვამს, რომ პოლიციის აგრესია გაძლიერდა მას შემდეგ, რაც მან თავი წარადგინა “ბათუმელების” თანამშრომლად.
მოვუწოდებთ ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეს, რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტური თავისუფლების ამ მიუღებელ დარღვევებზე, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – უზრუნველყონ პასუხისმგებელ პირთა ანგარიშვალდებულება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.