„ბათუმელების“ ოპერატორს მობილურიდან ყველა მასალა წაუშალეს დაკავების შემდეგ

„12 იანვარს საპროტესტო აქციის გადაღების დროს დამაკავეს ს პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით, მას შემდეგ რაც დგებუაძეს ვუთხარი, რომ „ბათუმელების“ თანამშრომელი ვიყავი,“ – ასე იხსენებს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე მიზეზს, თუ რატომ დააკავეს ის საპროტესტო აქციაზე.
გურამ მურვანიძე საგამოძიებო უწყებებში ჩივის მისთვის პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლაში და პირადი მონაცემების უკანონო მოპოვებაზე. გურამ მურვანიძის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
დღეს, 23 იანვარს, ონლაინგამოცემა „ბათუმელებში“ საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე „ბათუმელების“ ოპერატორმა გურამ მურვანიძემ და რედაქტორმა ნანა კვაჭაძემ დეტალურად გაიხსენეს და მოჰყვნენ თუ როგორ მოხდა ოპერატორის დაკავება.
„ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე მზია ამაღლობელის დაკავების დღეს, 12 იანვარს, დააკავეს. გურამ მურვანიძის დაკავების ბრძანება ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ გასცა. ამ დროს გურამ მურვანიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა.
„ჩემი დაკავება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძის უშუალო ბრძანებით მოხდა, როცა გაიგო, რომ ბათუმელების თანამშრომელი ვიყავი. დაკავების მომენტში ორივე ხელი მაღლა მქონდა აწეული და მობილური ტელეფონით საპროტესტო აქციას ვიღებდი. ირაკლი დგებუაძემ პოლიციის თანამშრომლებს უბრძანა, წაერთმიათ ჩემთვის ტელეფონი და წაეშალათ ინფორმაცია. ამ ბრძანების მოსმენისთანავე, ჩემთან მოვიდა რამდენიმე პოლიციელი და ხელების დამტვრევის მუქარით მომთხოვეს მეჩვენებინა თუ რას ვიღებდი და წამეშალა. მოვასწარი ტელეფონის დაბლოკვა და მოგვიანებით გავთიშე ის,“ – იხსენებს გურამ მურვანიძე.
გურამ მურვანიძის თქმით, არაერთგზის განუმარტა პოლიციელებს, რომ „ბათუმელების“ ოპერატორი იყო, თუმცა ის მაინც დააკავეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში მიყვანის შემდეგ, როცა მას პირადი ნივთები ჩამოართვეს დასალუქად, პოლიციელებმა ნახეს მისი პრესის ბარათი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ნამდვილად „ბათუმელების“ თანამშრომელი იყო. ამის მიუხედავად, გურამ მურვანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გურამ მურვანიძეს რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გურამ მურვანიძემ ს იზოლატორი, სადაც ადმინისტრაციული პატიმრობა გაატარა, 20 იანვარს დატოვა.
„ბათუმელების“ ოპერატორი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში 21 იანვარს მივიდა საკუთარი ნივთების წამოსაღებად. გურამ მურვანიძეს დაუბრუნეს პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონი, რომელსაც აღარ ჰქონდა ორმაგი დაცვა, ტელეფონი იყო სრულიად გასუფთავებული, Apple-ის ანგარიშები, რომლებითაც მანამდე სარგებლობდა, აღარ ფიქსირდებოდა ტელეფონში, სისტემა იყო ნულოვან რეჟიმზე და თავიდან ითხოვდა კონფიგურირებას, როგორც ახალი ტელეფონი.
„მე გადაღებული მქონდა საკუთარი დაკავების კადრი, მათ შორის საუბარი ირაკლი დგებუაძესთან, რომელიც არის მტკიცებულება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ეს იცოდა, როგორც მოსამართლე ირმა ტოგონიძემ, ასევე -ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ. რადგან ჩემი ტელეფონი პოლიციიდან ქარხნულ მდგომარეობაში დამიბრუნეს, როგორც ჩანს იმ პერიოდში, როცა ვიმყოფებოდი დროებითი მოთავსების იზოლატორში, შსს-ს თანამშრომლებმა გახსნეს დალუქული მობილური ტელეფონი, შეაღწიეს სისტემაში, შემდეგ კი ინფორმაცია წაშალეს. ჩემს ტელეფონში შემოღწევით და ამ მასალების წაშლით მოხდა არა მხოლოდ ჩემი პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება და განადგურება, არამედ მოხდა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არსებული მტკიცებულების განადგურებაც,“ – ამბობს გურამ მურვანიძე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და გურამ მურვანიძემ გუშინ, 22 იანვარს, უკვე მიმართეს შსს გენერალურ ინსპექციას, მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს გენერალურ პროკურორს.
საია და გურამ მურვანიძე შსს-ს გენინსპექციისგან ითხოვს მათი კომპეტენციის ფარგლებში, მოახდინონ რეაგირება და დაიწყონ მოკვლევა შსს-ს კონკრეტულ თანამშრომლებთან მიმართებით, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს კანონმდებლობის მოთხოვნები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან საქმის დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად.
საიას განმარტებით, „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა დანაშაულია (სსკ-ის 154-ე მუხლი). ამავე დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (სსკ-ის 284-ე მუხლი) და კომპიუტერული მონაცემის ან სისტემის ხელყოფა (სსკ-ის 286ე მუხლი). აღსანიშნავია, რომ სამივე მუხლისათვის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება ზემოთ ხსენებული ქმედებები, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“.
საია და გურამ მურვანიძე საქართველოს გენერალურ პროკურორს სთხოვე, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე/ განცხადება და დაავალოს შესაბამის პირებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, რათა დადგინდეს იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც უნებართვოდ შეაღწიეს გურამ მურვანიძის მობილურ ტელეფონში და წაშალეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.