„ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესში შესული ცვლილებები კანონმდებლობას ეწინააღმდეგება”

1-ელი აპრილიდან ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესი იცვლება. როგორც ფინანსთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანებიდან ირკვევა, მომდევნო კვირიდან პირი, რომელიც ერთ დღეზე მეტით, იჯარით ან ქვეიჯარით იქირავებს ბაზრობაზე ადგილს ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია ეკონომიკური საქმიანობის შესახებ და ეს უნდა მოხდეს არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ცვლილებები ეხება როგორც აგრარულ, ისე არა აგრარულ ბაზრობებს.
სფეროს წარმომადგენლების თქმით, ჩანაწერი უკანონოა ორ ნაწილში 1) ფინანსთა მინისტრმა არ შეიძლება შემოიღოს ის რაც კოდექსში არ წერია (ამ შემთხვევაში კოდექსში არ წერია, რომ ის შეიძლება ეხებოდეს აგრარულ ბაზრობებს); და 2) არა აგრარული ბაზრობების შემთხვევაშიც ეს მოთხოვნა გადავადებულია 2026 წლამდე.
ორივე კითხვა BMG-იმ შემოსავლების სამსახურს გაუგზავნა, რაზე პასუხადაც მოგვწერეს, რომ „ამა წლის 14 მარტს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილება შევიდა N80 ბრძანებით, რომლის თანახმად, პირი, რომელიც ახდენს ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის სარეალიზაციოდ განკუთვნილი სტაციონარული სავაჭრო ობიექტის და არასტაციონარული სავაჭრო ადგილის იჯარით (მათ შორის ქვეიჯარით) გაცემას, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირთა (მოიჯარე/ქვემოიჯარეთა) შესახებ, რომლებზეც სტაციონარული სავაჭრო ობიექტი ან/და არასტაციონარული სავაჭრო ადგილი იჯარით/ქვეიჯარით გაცემულია ერთ კალენდარულ დღეზე მეტი ვადით. აღნიშნული ინფორმაცია საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად წარედგინებოდა.
ამავე ცვლილების თანახმად ბაზრობა (ბაზრობის ტერიტორია) არის პირის ან/და პირთა ჯგუფის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც საქონლის სარეალიზაციოდაა განკუთვნილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირი, რომელსაც საკუთრებაში/სარგებლობაში აქვს ბაზრობა (ბაზრობის ტერიტორია, მათ შორის აგრარული ბაზრები) მიუხედავად იმისა მინიჭებული აქვს თუ არა ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსი და ახდენს ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული ადგილების იჯარით/ქვეიჯარით გაცემას ის ვალდებულია წარმოადგინოს ზემოაღნიშნული ინფორმაცია,“ – ნათქვამია წერილობით გამოგზავნილ ინფორმაციაში.
Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი განმარტავს, რომ 70-ე მუხლით შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადად მოხდეს ინფორმაციის გამოთხოვა და მისი ამ მიზნობრიობით გამოყენება დაუშვებელია.
რაც შეეხება მინისტრის №996-ე ბრძანებაში შესულ ცვლილებებს, როგორც აუდიტორული კომპანიის მმართველი პარტნიორი განმარტავს, მინისტრის ბრძანება წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კოდექსთან და კანონის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება საგადასახადო კოდექსს, რაც ნიშნავს, რომ შემოღებული გადასახადი ამ ფორმულირებით უკანონოა.
„ზოგადად ბაზრობებს დაუწესდათ ვალდებულება, რომ ერთ დღეზე მეტი დროით გაქირავების შემთხვევაში, უნდა წარუდგინონ დეტალური ინფორმაცია და ეს ყველაფერი მხოლოდ იმ რეალობაში, როდესაც ეს სიახლე ასახულია ფინანსთა მინისტრის 996-ე ბრძანებაში, რომელიც არის კანონქვემდებარე აქტი. ფინანსთა მინისტრი საგადასახადო კანონმდებლობის შემუშავების ნაწილში მოქმედებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოდან, რაც არის საგადასახადო კოდექსში სადაც პირდაპირ წერია, რომ თუ ფინანსთა მინისტრის ბრძანება მოდის წინააღმდეგობაში საგადასახადო კოდექსთან, უპირატესობა აქვს საგადასახადო კოდექსს.
ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის მიზანი გასაგებია, მათ აქვთ სურვილი, რომ გაკონტროლდეს მოვაჭრე პირების გადასახადების გადახდის სისწორე, მაგრამ ერთის მხრივ არა აგრარული ბაზრებისთვის ინფორმაციის წარდგენა გადავადებულია საგადასახადო კოდექსით გადავადებულია 2026 წლამდე და მეორე, აგრარული ბაზრებისთვის არანაირი საკანონმდებლო ჩარჩო არ არსებობს.
ვინც ოდნავ მაინც იცნობს კოდექსს, იცის, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ერთ შემთხვევაში პირდაპირ ამბობს, რომ არა აგრარული ბაზრების შემთხვევაში არ უნდა წარადგინონ ინფორმაცია ბაზრობებმა და ფინანსთა მინისტრის ბრძანება ამბობს რომ უნდა წარადგინონ. მეორე მხრივ აგრარული ბაზრების შემთხვევაში საერთოდ არანაირი საკანონმდებლო დანაწესი არ არსებობს საგადასახადო კოდექსში და აქაც ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ უნდა წარადგინონ. ეს წინააღმდეგობა არსებობს და ამ მიმართულებით პირადად მე კითხვები მაქვს.
ამ ინფორმაციის გავრცელების დროს, ჩემი მოლოდინი იყო, რომ საკითხი გაირკვეოდა მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ ხდება. ახსნა, რომ წარსულში ბაზრობები წარადგენდნენ ამ ინფორმაციას საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით ასევე გაუგებარია, რადგანაც ამ მუხლში საუბარია, რომ შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს ერთჯერადად მოსთხოვოს ინფორმაციის წარდგენა გადასახადის გადამხდელებს რასაც გადასახადის გადამხდელი უნდა დაემორჩილოს და წარადგინოს ყოველ ჯერზე მოთხოვნილი ინფორმაცია. დაუშვებელია რომ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით როგორც მოქმედი კანონით, ბიზნესი დავავალდებულოთ, რომ ყოველი თვის 15 რიცხვისა გამოაგზავნონ რაიმე სახის ინფორმაცია მაშინ როდესაც თავად კანონი არ ითვალისწინებს ასეთი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას,“ – განაცხადა პაპიაშვილმა.