ბაზრობების მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების ვალდებულება შესაძლოა, კიდევ გადავადდეს – საქართველოს ბიზნესომბუდსმენი საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს პარლამენტს მიმართავს, სადაც საუბარია საკონტროლო-სალარო აპარატით უზრუნველყოფის და მასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედების ვადის 4 წლით, 2030 წლის 1-ელ იანვრამდე გადაწევაზე.
სალარო საკონტროლო აპარატები დამატებითი მექანიზმი იქნება იმისა, რომ ბაზრობებზე მოვაჭრეები გაკონტროლდნენ თუ რამდენად იხდიან გადასახადებს. გადასახადების გადახდის ვალდებულება დღეს ეკონომიკურ აგენტებს აქვთ, თუმცა ეს დამოკიდებულია, თუ რამდენად კეთილსინდისიერად შეავსებენ ისინი დეკლარაციებს.
Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი ამბობს, რომ რეგულაცია, რომელიც ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს არაერთ ხარვეზს შეიცავს, მათ შორის ბაზრის მოვაჭრეების დაბეგვრის ნაწილში.
“ბუნებრივია, თუ რაღაც რეფორმა მიმდინარეობს და გადავადდება მოხდა რამდენიმეჯერ, კითხვა ჩნდება, საერთოდ ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს ამ ფორმით თუ არა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრჯერ გადავადება ნიშნავს, რომ შეიძლება რაღაც არასწორად იქნა განსაზღვრული ან დაგეგმილი თავიდან.
თუ ეს კანონი ამოქმედდა და ის მოვაჭრეები, ვისაც არა აქვთ სალარო აპარატი, მათი შემოსავლების ფიქსაცია მოხდება სალარო აპარატით, მათ მოუწევთ იმ ოდენობის გადასახადების გადახდა, რასაც შეიძლება მანამდე არ იხდიდნენ.
როცა იმპორტი დეკლარირებულია და ჩანს საბაჟოზე, უკვე მისი შემდგომი რეალიზაცია შეიძლება სხვადასხვანაირად გაკონტროლდეს, ამიტომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე არ უნდა გადაეხადათ მოვაჭრეებს გადასახადები და ახლა გადაიხდიან, უბრალოდ, თუ ვინმე ამას არ აკეთებდა კანონმდებლობის შესაბამისად, ამ ცვლილების ამოქმედების შემდგომ, ასეთი გადამხდელების კონტროლი უფრო გამკაცრდება და უფრო მარტივად შეძლებს შემოსავლების სამსახური ამის გაკონტროლებას.
კანონმდებლობაშიც ყველაფერი გარკვეული ამ თემასთან მიმართებით არ არის და ბევრი ორაზროვანი და გაურკვეველი საკითხია. ბაზრობაზე მოვაჭრეებისთვის მოაზრებული არის 3%-იანი დაბეგვრა ბრუნვიდან. მცირე მეწარმე კი, რომელიც შეიძლება ვაჭრობითაც იყოს დაკავებული, იბეგრება ბრუნვიდან 1%-იანი განაკვეთით. არსად არ წერია კანონმდებლობაში, რომ მცირე მეწარმის 1%-იანი დაბეგვრა არ შეიძლება გავრცელდეს ბაზრობის მოვაჭრეებზე. მარტო ეს ერთი საკითხიც რომ ავიღოთ და ასეთი საკითხებიც ძალიან ბევრია, ბუნებრივია, მიანიშნებს კანონის ორაზროვნებაზე და იმაზე, რომ დეტალები არის დასაზუსტებელი,”- ამბობს Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი BMG-სთან.
ბაზრობებზე სალარო-აპარატების გამოყენების ვალდებულებაზე ცვლილებები პარლამენტმა ჯერ კიდევ 2019 წელს მიიღო, რომლის მიხედვით 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული უნდა ყოფილიყო, საქონლის რეალიზაციისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოეყენებინა. პანდემიის გამო ეს ვალდებულება ჯერ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა, შემდეგ კი, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე. რეგულაციის გადავადებასთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის ინიციატივა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა უნდა განიხილოს.
