ბაზრობებზე მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების ვალდებულება შესაძლოა, ისევ გადავადდეს

ბაზრობებზე მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების ვალდებულება შესაძლოა, ისევ გადავადდეს. აღნიშნულს გულისხმობს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი. ინიციატივის მიხედვით, აღნიშნული რეგულაციის ამოქმედების ვადად 2028 წლის 1-ლი იანვარი განისაზღვრა.
კერძოდ, საუბარია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დროს მოვაჭრეების ,ხრიდან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებაზე.
„საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდება ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებული პირის შრომას და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად“, – ნათქვამია კანონპროექტში.
შეგახსენებთ, ბაზრობებზე სალარო-აპარატების გამოყენების ვალდებულებაზე შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა ჯერ კიდევ 2019 წელს მიიღო. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული უნდა ყოფილიყო, საქონლის მიწოდებისას გამოეყენებინა საკონტროლო-სალარო აპარატი. თუმცა მაშინ პანდემიის გამო ეს ვალდებულება ჯერ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა, შემდეგ კი, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე.
bpn.ge