ბაზისბანკმა, პირველად საქართველოში, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად მდგრადი საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა

ბაზისბანკმა, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, 20 მილიონი დოლარის ღირებულების მდგრადი საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა, რაც როგორც მდგრადი ობლიგაციების პირველი გამოშვებაა ადგილობრივ ბაზარზე, ასევე კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული პირველი საჯარო ემისია. ობლიგაციების ვადა 3 წელია, გამოშვების ვალუტა აშშ დოლარი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული 7%.
აღნიშნული ემისია, რომელიც 7 აგვისტოს განხორციელდა, ობლიგაციების პირველი ტრანშია. ბანკის მიერ ასევე იგეგმება მეორე ტრანშიც 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც პირველი გამოშვებიდან ერთი წლის განმავლობაში განთავსდება.
ობლიგაციებში ბანკის სტრატეგიული ინვესტორის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. ობლიგაციების დარჩენილი ნაწილი სხვადასხვა კერძო ინვესტორების მიერ იქნა შეძენილი. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მოთხოვნამ მიწოდებას 30%-ით გადააჭარბა, რაც განაპირობა როგორც ბანკის სტაბილურობამ და მოწინავე პოზიციამ ბაზარზე, ასევე პოტენციური ინვესტორების ლოიალურობამ ბანკის მიმართ.
ბანკის მიერ მომზადებული მდგრადი ობლიგაციების ჩარჩოს შესაბამისად, ობლიგაციებიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდება მწვანე და სოციალური პროექტების დაფინანსებას: მწვანე შენობები და მშენებლობა, ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგია, მწვანე ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა.