„ბაზისბანკი“ „ლიბერთი ბანკს“ ყიდულობს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონცენტრაციის განხილვის პროცედურები დაიწყო.
“საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს სს „ბაზისბანკის“ (ს/ნ 203841833) მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ (ს/ნ 203828304) აქციების 95.99%-ის შესაძლო შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს. ორივე ზემოხსენებული ეკონომიკური აგენტი საბანკო სექტორში საქმიანობს.
დაინტერესებულ პირებს შესაძლო კონცენტრაციასთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენა შეუძლიათ 2025 წლის 23 ივლისის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულ ბანკში მისამართზე: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1, ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე: [email protected]”,- აცხადებენ სებ-ში.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აპრილში ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის სურვილი დაადასტურა. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, მოლაპარაკებებს აწარმოებდა როგორც „ბაზის ბანკთან“, ისე სხვა ბიზნეს-ჯგუფებთან. ამასთან, მან არც სხვა “პატარა ბანკის” შეძენა და ბაზარზე გამსხვილება გამორიცხა. ივნისში BMG-ს წყარომ განუცხადა, რომ “ბაზისბანკი“ „ლიბერთი ბანკს“ ყიდულობს. აღნიშნული ინფორმაცია 5 ივნისს ირაკლი რუხაძემ დაადასტურა. მან განაცხადა, რომ “თუ ეს გარიგება დასრულდა, იქნება ძალიან კარგი საქართველოსთვის და მისი ეკონომიკისთვის”.