ბაზისბანკის მხარდაჭერით, ხელოვნების და მეცნიერების სფეროში 2023 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, „წინანდლის პრემია“ გაიმართა.
ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში, დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, წინანდლის პრემიის გამარჯვებულები მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში დასახელდნენ: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, პროზა, პოეზია, მუსიკალური ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.
ბაზისბანკმა, ორ ლაურეატს „წინანდლის პრემიის“ სპეციალური ჯილდოები და 4,000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები გადასცა:
ნომინაცია კინოხელოვნება – გაიმარჯვა მსახიობმა სანდრო სამხარაძემ, ანდროს როლის შესრულებისთვის სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ (რეჟისორები გიორგი ლიფონავა და თენგიზ მეგრელიშვილი).
ნომინაცია პროზა – წინანდლის პრემია გადაეცა მწერალ მათე ბაღაშვილს, რომანისთვის „ბეტონებს იქით“ (გამომცემლობა “პალიტრა L”).
„წინანდლის პრემია“, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას მხარდაჭერით, 1998 წელს დაფუძნდა. პრემიამ წლების განმავლობაში ხელი შეუწყო ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა იმ თაობის აღმოჩენა-პოპულარიზებას, რომელმაც მომავალში მნიშვნელოვანი ეტაპი შექმნა ქართულ კულტურასა და სამეცნიერო დარგებში.