საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია “ბაზისბანკისა” და “ლიბერთი ბანკის” შესაძლო შერწყმას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს კონკურენციას გაამძაფრებს.
მას საკითხზე “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესმა შესაძლოა 1 წელს გასტანოს.
“გაჟღერდა და ალბათ, უახლოეს პერიოდში დადასტურდება ორი ბანკის გაერთიანება. მისასალმებელია, დაახლოებით ₾10 მილიარდ აქტივიანი ბანკი შემოემატება და კონკურენციას კიდევ უფრო გაამძაფრებს. თუმცა ამავე დროს, უნდა ვთქვათ, რომ ორივე ბანკს თავისი ნიშა ეკავა საკმაოდ სერიოზული, კულტურულადაც და მენეჯერული მიმართულებითაც, ოპერაციული კუთხით განსხვავებული არიან და მინდა, რომ ვუსურვო მათ რბილად და მსუბუქად ჩაიაროს ამ გაერთიანების პროცესმა. ორი ამხელა ბანკის გაერთიანების პრეცედენტი ჯერჯერობით არ გვქონია. თუ ბანკები ერთიანდებოდნენ, ერთი იყო დიდი და მეორე მცირე ბანკი, რომელიც ან ბაზრიდან თავისით გადიოდა ან ლიცენზიას აბარებდა. ამიტომ, ეს პროცესი საინტერესოა. არ ვფიქრობ, რომ უახლოეს 6 თვეში ყველაფერი დასრულდება, მაგრამ შეიძლება 1 წელს გასტანოს ამ გაერთიანების პროცესმა”,- ამბობს დავით რუსია.
