საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის განცხადებით, ფედერაციამ პარიზის ოლიმპიადაზე მოფარიკავე სანდრო ბაზაძის, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაჩაგვრის გამო ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრის წერილით მიმართა.
“საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.
წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი” – წერია ფედერაციის განცხადებაში.
დღეს პარიზში, ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე მერვედფინალში მსაჯების გადაწყვეტილებით ეგვიპტელ მოწინააღმდეგესთან 14:15 დამარცხდა.
