ბაზარი გაჯერებულია დაბალხარისხიანი პიროტექნიკით. საჭიროა კიდევ უფრო მეტი რეგულაცია, რათა მეტად კონტროლდებოდეს მისი როგორც გაყიდვა, ისე – მოხმარება – my day
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი 28%-ით შემცირდა. უფრო ზუსტად, იმპორტირებულია 2.595 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პიროტექნიკა, 2024 წლის იმავე პერიოდში კი 3.634 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას my day-ს დირექტორი მარიამ წერეთელი აღნიშნავს, რომ მიესალმება ამ მხრივ ამოქმედებულ რეგულაციებს და უფრო მეტიც, მისივე თქმით, საჭიროა კიდევ უფრო მეტი რეგულაცია, რათა უფრო მეტად კონტროლდებოდეს პიროტექნიკის როგორც გაყიდვა, ისე – მოხმარება.
„სამწუხაროდ, ბაზარი გაჯერებულია დაბალხარისხიანი და დაბალფასიანი როგორც პიროტექნიკით, ისე სხვა სადღესასწაულო აქსესუარებით, რომელიც კონტაქტში შედის ბავშვებთან, საკვებთან. მით უმეტეს, პიროტექნიკა, რომელიც პირდაპირ კავშირშია სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან. სამწუხაროდ, თამამად ვიტყვი, რომ არ ხდება მომხმარებლის ინფორმირება გაყიდვის დროს, რაც არის ერთ-ერთი ასევე უმთავრესი მნიშვნელობის თუნდაც იმიტომ, რომ იგივე ის კვამლები, არ შეიძლება ხელში გვეჭიროს და ისე გავუშვათ. შესაბამისად, რითეილერს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება“, – ამბობს მარიამ წერეთელი.
მარიამ წერეთელი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, პიროტექნიკა დღესაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
„აუცილებელია, პიროტექნიკა შეესაბამებოდეს სერტიფიცირებას, უსაფრთხოების ნორმებს და უნდა ხდებოდეს ამის მონიტორინგი. ეს არის პირველი და უმთავრესი, ამით უნდა დავიწყოთ ჯერ და შემდეგ მომხმარებელს ვასწავლოთ, მათ შორის, რომ გასათვალისწინებელია ქარის სიჩქარე, გასათვალისწინებელია შინაური ცხოველები, ტერიტორია, სად ვაფეთქებთ და ასე შემდეგ. ხოლო ის, რომ აიკრძალოს ფეიერვერკის იმპორტი და აღარ შეიძლებოდეს მისი გამოყენება, ცხადია, ამას არ ვეთანხმებით“, – აცხადებს მარიამ წერეთელი.




