„ჩვენ შეგვიძლია, რომ არსებულზე 3-ჯერ მეტი ქათმის ხორცი ვაწარმოოთ, თუმცა არ ვზრდით რაოდენობას, რადგან ბაზარი ღიაა ყველაფრისთვის“ – ეს განცხადება „საქმიანი დილის“ ეთერში კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ გააკეთა.
მისი შეფასებით, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სექტორში მდოგმარეობა არაჯანსაღია, რაც ზოგადად მეფრინველეობის დარგს არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს იმის შესახებ, რომ ქვეყანა ფრინველის ხორცის შემთხვევაში მოხმარების მხოლოდ 30%-ს აწარმოებს, არასწორს უწოდებს და ამბობს, რომ ბაზარზე ბევრი აღურიცხავი პროდუქციაა.
„ჩვენი ბაზარი ღიაა ყველაფრისთვის, წყლიანი ქათმისთვის, გაფუჭებული ქათმისთვის და ა.შ. ჩინეთში მაგალითად არ არის პოპულარული ქათმის მკერდის ხორცი, ამიტომ ეს შემოდის ჩვენთან თითქმის ქათმის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად და იყიდება.
საჭიროა სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი პოლიტიკა, ცნებები და კვოტები რა შეიძლება შემოვიტანოთ. 4 ლარად შემოდის მკერდის ხორცი, თვითღირებულება გაცილებით დიდია, რა ვქნათ ქათამი ვაწარმოოთ და მკერდი გადავყაროთ? ამიტომ ჩვენთვის ხსნა არის, რომ აზერბაიჯანში და სომხეთში ვაგზავნით ქათმის ხორცს. საქართველოში უაზრობა ხდება წარმოება და ეს დიდი პრობლემაა. ეს არ ეხება მხოლოდ „ჩირინას,“ ჯამში მთლიანად მეფრინველეობის დარგს ეხება.
რაც შეეხება სტატისტიკას, 30%-იანი წარმოებაც არ არის რეალობა. საქართველოში ბევრი პატარა წარმოებაა და ჯამში ისინი „ჩირინაზე“ მეტ ხორცს აწარმოებენ, ის ყვითელი ქათამი რაც იყიდება, სტატისტიკაში არ შედის. მთავარია კიდევ ის, რომ ეს ორგანიზაციები დღგ-ს გადამხდელები არ არიან, ამის ხარჯზე ცხადია უპირატესობა აქვთ. არაკონკურენტული ვიქნებით გამომდინარე იქიდან, რომ არის დაცული არც ბაზარი და არც არაფერი.
შემდეგ წელს შეიძლება აქ საერთოდ აღარ გავყიდო ხორცი და წავიღო არაბულ ქვეყნებში. არც სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არც მთავრობის სხვა განყოფილებები არ იხილავენ მსგავსს პრობლემებს რაც ძალიან ცუდია.
იგივე ხორბალზე რომ ვთქვათ, რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია შემოიტანოს დაბალ ფასად და აქ მწარმოებლები სრულად გააჩეროს. ეს საკითხი სერიოზულია, იგივე პოზიცია მაქვს რძესთან დაკავშირებითაც. ეს უნდა იყოს განხილული და გადაწყვეტილი, ბაზარი თუ არ დავიცავით ვერაფერს ვერ ვაწარმოებთ.“ – განაცხადა ვაშაკიძემ.
ინფორმაციისთვის, 2024 წელს საქართველოს მოსახლეობა ძირითადი სასურსათო პროდუქტების ნახევარზე მეტს ადგილობრივად ვერ აწარმოებდა. “საქსტატის” მონაცემებით, პროდუქტების უმრავლესობაში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 50%-ზე დაბალია.
მაგალითად, ხორბალს, რომელიც საქართველოში სტრატეგიულ პროდუქტად ითვლება, მხოლოდ 22%-ს ვაწარმოებთ.
