ბაზარზე ხის, ეკო მეგობრული სათამაშოების მაღაზია „ბურდღუნა“ გამოჩნდა

ბაზარზე ხის, ეკო მეგობრული სათამაშოების მაღაზია „ბურდღუნა“ გამოჩნდა. კომპანიამ ფუნქციონირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და პირველი ოფიციალური გაყიდვა 14 თებერვალს ჰქონდა.
„კომპანიის იდეა საკმაოდ ახალია. გეგმის განხორციელება იანვრის შუა რიცხვებიდან დავიწყე, შესაბამისად ახლა ვდგამთ პირველ ნაბიჯებს. ყველაზე სახალხო და სოციალური ხის, ეკო მეგობრული სათამაშოების მაღაზია „ბურდღუნა“ რამდენიმე დღის წინ ჩავუშვი ონლაინ და 14 თებერვალს პირველი გაყიდვა მქონდა. ჟირაფი გაიყიდა. სათამაშოები ხელნაკეთია და არ არის შეღებილი. საბოლოო ჯამში, ყიდულობ ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოს და ამით ზრუნავ სხვა ბავშვებსა და გარემოზე. მიწოდებაც უფასოა.“- აღნიშნა დამფუძნებელმა არკადი დავითაძემ.
დავითაძის თქმით, „ბურდღუნას“ სათამაშოების ფასი 30-35 ლარის ფარგლებში მერყეობს. გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი კი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და სამასალედ მოჭრილი ხეების აღდგენას მოხმარდება.
„ სათამაშოების ფასი 30-35 ლარის ფარგლებში მერყეობს. ყოველი შეძენილი სათამაშოდან, ხუთი ლარი მოხმარდება იმ ბავშვების ბედნიერებას, რომლებსაც მზრუნველი ადამიანები არ ჰყავთ გვერდით. (რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა სათამაშოები შეიძინონ) ხოლო, ორი ლარი მოხმარდება ამ სამასალედ გაჩეხილი ტყის აღდგენას“.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ამ ეტაპზე საფინანსო კაპიტალი ესაჭიროება დანადგარის შესაძენად, რათა სათამაშოების ასორტიმენტი გაზარდოს.
„ამ ეტაპზე საფინანსო კაპიტალს ვეძებ, რათა შევიძინო სპეციალური ხერხი (ლენტური ხერხი). ამჟამად ხელით შემიძლია 10 სახის სათამაშოს გამოჭრა. მოცემულ ეტაპზე, მინდა ამ რაოდენობის მინიმუმ 30-მდე გაზდა, რათა სამომავლოდ მოთხოვნილ რაოდენობას გავუთანაბრდე“.
„ბურდღუნას“ ფიზიკური მაღაზიის გახსნა ჯერჯერობით არ იგეგმება. თანამშრომლების აყვანა კი ზაფხულისთვის მოიაზრება.
„ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ ვფუნქციონირებთ და ფიზიკური მაღაზიის გახსნას არ ვგეგმავთ, თუმცა, მომავალში, გაფართოებასთან ერთად, ფიზიკური მაღაზიის გახსნასაც მოვიაზრებ.
ვინაიდან სულ რამდენიმე დღის წინ ჩავეშვით ბაზარზე, შეკვეთებს თავად ვუმკლავდები. თუმცა სავარაუდოდ, ოპტიმალური გეგმით, თანამშრომლების აყვანა ზაფხულის პერიოდისთვის დამჭირდება,“- აღნიშნა „ბურდღუნას“ დამფუძნებელმა.