მინანქრის ხელოვნების გალერეა „ორნამენტმა“ საშობაოდ ქვევრის ნაძვის ხის მინანქრის სათამაშოები შექმნა, რომელთა ფასი 170 ლარია. მინანქრის არტისტმა თეა გურგენიძემ მინიატიურული ქვევრების შექმნისას სპილენძი, თითბერი, კაკლის ხე, მინანქარი, ოქროს და ვერცხლის ფოლგა გამოიყენა. „ორნამენტში“ მოზრდილი სუვენირი ქვევრის ფასი კი 900 ლარია.
გალერეაში სხვა ძვირფასი მასალისგან შექმნილი ნაძვის ხის სათამაშოებიც იყიდება. მინიატიურული ანგელოზების ფასები, რომელიც დაახლოებით იგივე მასალისგან – სპილენძის, ხის, მინანქრის, ვერცხლისა და ოქროს ფოლგებისგანაა შექმნილი 170-დან 200-250 ლარამდეა. გაყიდვაშია ასევე მინიატიურული ნაძვის ხეები. როგორც გალერეის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში თქვა, გასულ წელს მხოლოდ ანგელოზი სათამაშოები ჰქონდათ გაყიდვაში, მოთხოვნის გამო წელს ნაძვის ხეები და ქვევრები დაამატეს და სხვა სათამაშოების დამატებასაც გეგმავენ.