“ბაზარზე კვალიფიციური კადრი სანთლით უნდა ეძებო ” – Woodmetal

ხელნაკეთი ავეჯის მწარმოებელი კომპანია Woodmetal-ის დამფუძნებელი, კახაბერ დოლიძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ადგილობრივად წარმოებულ ავეჯზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა ბაზარზე კვალიფიციური კადრების პრობლემაა.
მისი შეფასებით, ბაზარზე არაერთი ხარისხიანი და უხარისხო პროდუქციის მწარმოებელი საწარმოა.
„ქვეყანაში რაც მეტი ხარისხიანი საწარმო იქნება, ბაზარიც დაიხვეწება და განვითარდება. ასევე, დასაქმებული ადამიანების რიცხვიც გაიზრდება.
ბაზარზე სექტორის წარმომადგენლებს არაკეთილსინდისიერი ქცევის გამო „სახელი აქვთ გაფუჭებული“, შესაბამისად მომხმარებლებს ნდობა არ აქვთ, რაც სხვა კონკურენტ კომპანიებზეც უარყოფით გავლენას ახდენს.
ამასთან, გამოწვევაა კადრებიც, რომლებიც ხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ. ძალიან ბევრი კვალიფიციური კადრი ევროპაშია წასული და მისი გამოცდილების ტოლი კადრის პოვნა, ძალიან რთულია და სანთლით საძებარია“,- აცხადებს დოლიძე.
მისივე თქმით, კადრების პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სასწავლებლის არსებობა კარგი იქნებოდა, სადაც მოსწავლეებს ხელობას ხარისხიანად შეასწავლიან.