საქართველოში საწვავი გაძვირებას განაგრძობს – ბოლო 1.5 თვეა ბენზინგასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპია საწვავი 2-20 თეთრამდეა გაძვირებული.
ნავთობიმპორტიორთა კავშირში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე იმ მასშტაბის რყევები არ ყოფილა, რომ ადგილობრივად საწვავი 20 თეთრამდე გაძვირებულიყო. გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბენზინის ფასების დაკორექტირების მთავარი მიზეზი პოლიტიკური რყევები და ბიზნესის უარყოფითი მოლოდინებია.
“რყევები მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არა გვაქვს ჩვენ ისეთი სიტუაცია რომ ძალიან დიდი ფასთა სხვაობები მივიღოთ გაძვირების სახით. მსოფლიო სანავთობო ბაზარზე ისეთი სიტუაცია არ არის, რომ ასე ყოველდღიურად, ან ყოველთვიურად, ყოველკვირეულად მივიღოთ ჩვენ ფასთა შორისი სხვაობები და მე მაინც პოლიტიკურ სიტუაციებს დავაბრალებდი.
ჩვენ არ ვიცით ხვალ რა იქნება, რა დაძაბულობა იქნება, როგორ იმოქმედებს მით უმეტეს ისეთი ქვეყანა, როგორიც არის რუსეთი, საიდანაც ჩვენ არც თუ ისე მცირე რაოდენობით შემოგვაქვს პროდუქტი. ჩვენ არ ვიცით ვინ რას მოიმოქმედებს. ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ, რამდენში ვიყიდით და რა ფასი უნდა დავადოთ, რომ იყოს ეს რენტაბელური როგორც კომპანიისთვის, ისე ქვეყნისთვის და მომხმარებლისთვის”,- ამბობს “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი BMG-სთან.
